პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, “საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსს“ იხილავს, რომელიც 31 გამომდინარე კანონპროექტით არის ინიცირებული.
საკანონმდებლო პაკეტი, პირველი მოსმენით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ წარადგინა.
ქავთარაძის თქმით, საქართველოში ბოლო წლებში განვითარებულმა სამშენებლო ბუმმა და გამოვლენილმა საკანონმდებლო ნაკლოვანებებმა აჩვენა, რომ მოქმედი სამართლებრივი ინსტიტუტები ვერ პასუხობენ გამოწვევებს, რაც ქვეყანაში არსებობს. მისი განმარტებით, დღეის მდგომარეობით, მშენებლობის ნებართვის გაცემის სფერო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით რეგულირდება, ხოლო სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა ერთმანეთისაგან ნათლად არ მიჯნავს სივრცითი მოწყობის და ქალაქთმშენებლობით დაგეგმვას.
საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას ხაზი გაესვა შენობა-ნაგებობისა და სამშენებლო მასალის ხარისხის ტექნიკური ნორმირების საკითხებს. აღინიშნა, რომ კანონპროექტი სწორედ ამ ნაკლოვანებების დაძლევას და დეფიციტის შევსებას ითვალისწინებს.