სეს-ი - ფაროსანას მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

18 აპრილის მონაცემებით, ფაროსანას საწინააღმდეგოდ საქართველოში განთავსებულია 7509 ფერომონი (მწერსაჭერი), - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 7509 ფერომონდან სამეგრელოში განთავსებულია 2095; გურიაში - 685; იმერეთში - 1919; შიდა ქართლში - 1100; მცხეთა-მთიანეთში - 300; კახეთში - 1300; თბილისში - 110.

მათივე ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით განლაგებულია მონიტორინგის სისტემები, რომლის მეშვეობითაც დგინდება მავნებლის რაოდენობა და გავრცელების არეალი.

„მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების ვადა და დასამუშავებელი ტერიტორიების არეალი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება. დღეისათვის მწერსაჭერებზე (ფერომონი) მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში - აბაშის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე აღინიშნება აზიური ფაროსანას 10-ზე მეტი ეგზემპლარი, რაც დღეღამური ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობით არის გამოწვეული. როგორც კი ჰაერის საშუალო ტემპერატურა 150 C-ს სტაბილურად მიაღწევს და მავნებელი მცენარეებზე გამოჩნდება, დაიწყება ქიმიური წამლობა“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის დასავლეთ საქართველოში აბაშის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც შექმნილია მონაცემთა ელექტრონული ბაზა, მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და ღონისძიებები იგეგმება ანალიზის შედეგად მუნიციპალიტეტების მიხედვით. სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია.

„მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის სახელმწიფოს მიერ შესყიდულია ქიმიური საშუალებები - 180 ათასი ლიტრი ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდი და 210 ათასი ლიტრი ზეთოვანი ინსექტიციდი (თერმული ნისლის ტექნოლოგიისთვის). არსებული რესურსით შესაძლებელია 250 ათასი ჰექტარი ფართობის ოთხჯერ დამუშავება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.