მიმდინარე თვის ბოლოს პეკინში დაგეგმილ საავტომობილო შოუზე გერმანული პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელი კომპანია Mercedes-ი ახალი ულტრა-მდიდრული და ექსტრავაგანტული Maybach-ის ქროსოვერის წარმოდგენას აპირებს.
ამ ავტომობილის სამიზნე ბაზარი ჩინეთი იქნება, სადაც სუპერმდიდრულ ავტომობილებზე მოთხოვნა მაღალია.
The Vision Mercedes-Maybach Ultimate Luxury - ეს იქნება Maybach-ის პირველი SUV და მოახდენს კომპანიის ხედვას, თუ როგორი იქნება სამომავლოდ უმაღლესი კლასის კროსოვერები. მით უმეტეს, რომ ამ სეგმენტში საკუთარი პროდუქცია უკვე წარმოდგენილი აქვთ ბრიტანელებს Bentley Bentayga-სა და ახლო მომავალში წარმოადგენს Rolls-Royce Cullinan-ის სახით.
ამ დროისთვის კომპანიამ მხოლოდ ვიდეო თიზერი და ინტერიერის ფოტო გაავრცელა. მისი პრემიერა კი მომდევნო კვირას გაიმართება. ამ დროისთვის კომპანია მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ ერთ Mercedes-Maybach S-Class-ს აწარმოებს და მიმდინარე წლის ბოლოსთვის უკვე ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე წარმოადგენს სერიული წარმოების კროსოვერს Mercedes-Maybach GLS-ს, რომელსაც სავარაუდოდ, საფუძვლად დაედება პეკინში წარსადგენი კონცეპტუალური მოდელი. ამ ავტომობილის ფასი სულ ცოტა 170 ათასი დოლარი იქნება და მისი გაყიდვები 2019 წლიდან დაიწყება.
პეკინის ავტოშოუზე კომპანია ასევე წარადგენს სრულიად ახალი A-Class-ის სედანის სერიულ ვარიანტს, რომლის კონცეპტუალური მოდელი ზუსტად ერთი წლის წინ შანხაის ავტოშოუზე წარმოადგინა. ეს მოდელიც ჩინეთზეა გათვლილი, თუმცა მისი გაყიდვები მოგვიანებით ევროპაშიც დაიწყება.
კოკა კვირკველია