შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანზაციას (OPEC) ბაზარზე მიწოდების შეზღუდვის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისთვის ასეთი რამ მიუღებელია. ბაზარზე მიწოდების შეზღუდვა ნავთობის ფასის ზრდას იწვევს.
„როგორც ჩანს, OPEC ასე გაგრძელებას აპირებს. ამ დროს, საცავების უმეტესობა ნავთობით სავსეა. ეს საზღვაო გემსაცავებსაც ეხება. ნავთობის ფასი ხელოვნურად, მეტისმეტად არის გაზრდილი! ეს კარგი არ არის და მიუღებელია“, - ნათქვამია ტრამპის მიერ ტვიტერზე გაკეთებულ განცხადებაში.
მისი გამოქვეყნების შემდეგ, ბრენტ და WTI მარკის ნავთობის ფასებმა შემცირება დაიწყო. არადა, სულ ერთი საათით ადრე, ბრენტის ფასი 74 დოლარის ნიშნულამდე იყო ასული, WTI-ს ფასმა კი 68.50 დოლარს მიაღწია. ორივე 2014 წლის ნოემბრის პიკურ მაჩვენებლებზე მეტია.
OPEC-ის ქვეყნების და ორგანიზაციის არაწევრი ექსპორტიორების მორიგი შეხვედრა ივნისში, ვენაში გაიმართება და მასზე ნავთობის მიწოდების შეზღუდვის შემდგომ გაგრძელებაზე იმსჯელებენ. შეზღუდვის ამჟამად მოქმედი პაქტის ვადა წლის ბოლოს იწურება. საუდის არაბეთს და OPEC-ის სხვა წევრებს მისი გაგრძელება სურთ. კერძოდ, საუდელები არ მალავენ, რომ კმაყოფილები იქნებიან, თუ ბარელი ნავთობის ფასი 80 დოლარს ასცდება და 100 დოლარს მიაღწევს.