ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური და მრავალფუნქციური დასასვენებელი კომპლექსი აშენდება.
როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის „კრისტალ ბილდინგი“ აღმასრულებელი დირექტორი ვანო ლომიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, კომპლექსში შემავალი სასტუმროს მართვაში შემოსაყვანად ორი საერთაშორისო ბრენდის ვარიანტი განიხილება.
„სამი განაცხადი შემოვიდა, ანუ განიხილებოდა 3 ბრენდიდან ერთ-ერთის შემოყვანა - Hilton-ი, Radisson და Four Horse. თუმცა ამ უკანასკნელმა ისეთი პირობები შემოგვთავაზა, რაც ჩვენთვის მისაღები არ არის. დაგვრჩა Hiltoni და Radisson და ამ ორიდან ერთ-ერთს შევარჩევთ.
გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ. მე უფრო Hiltoni-სკენ ვიხრები, რადგან უკეთესი იქნება ისეთი სასტუმრო მოეწყოს, რომელიც შედარებით დაბალბიუჯეტიან მოსახლეობაზეც გათვლილი იქნება“, - აცხადებს ლომიძე.
გარდა ამისა, მასშტაბური პროექტი, რომელიც ქობულეთის სანაპიროზე განხორციელდება, კაბარეს და კაზინოს გახსნასაც მოიცავს. ვანო ლომიძის ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ კომპლექსის ერთ ნაწილში კაზინოების მსოფლიო ბრენდი „ლას ვეგასი“ განთავსდება.
„კაზინოს ოპერატორი „ლას ვეგასი“ იქნება, მოლაპარაკებები დასრულებულია. როგორც კი პროექტი შეთანხმდება და სამშენებლო ნებართვას მივიღებთ, მათი წარმომადგენლობა საქართველოში ჩამოვა და მათთან ხელშეკრულებას გავაფორმებთ. ასევე, ჩვენს კომპლექსში იგეგმება კაბარეს გახსნაც. აქ ორი ვარიანტია და გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიგვიღია. ფრანგული კაბარე იქნება - ან „ლიდო“ ან „მულენ რუჟი“. მე მაინც მგონია, რომ „ლიდოს“ შემოყვანა სჯობს, რადგან 100 წლის ისტორიის მქონე ბრენდია“, - აღნიშნავს ვანო ლომიძე.
რაც შეეხება მშენებლობის დაწყების და დასრულების ვადებს, როგორც „კრისტალ ბილდიგნის“ დირექტორი აცხადებს, მათ კომპანიას ამისთვის 42-თვიანი ვადა აქვს მიცემული. სამშენებლო სამუშაოები კი სავარაუდოდ, მაისში დაიწყება.
„აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროში ჩვენი პროექტი უკვე შესულია. უწყების არქიტექტორებმა შეამოწმეს და გარკვეული შესწორება შეგვატანინეს. სხვა მხრივ ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს. ხელშეკრულებით პროექტირებისთვის რვა თვე მოგვეცა. ექვსი თვე უკვე გავიდა. პირველი და მეორე ეტაპი უკვე ჩავაბარეთ, ახლა მათ პასუხს ველოდებით, რაც ორი კვირის განმავლობაში იქნება. ამის მერე მესამე ეტაპის პროექტსაც ჩავაბარებთ და სამშენებლო ნებართვას მივიღებთ. სავარაუდოდ, მაისში უკვე ნებართვა გვექნება და სამშენებელო სამუშაოებსაც დავიწყებთ“, - განმარტავს ვანო ლომიძე.
მისივე ინფორმაციით, კომპლექსი, ქობულეთისთვის ყველაზე მაღალსართულიანიც იქნება. თავდაპირველად 42 სართული იყო დაგეგემილი, თუმცა 32 სართულის აშენება გადაწყდა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 5-ვარსკვლავიანი დასასვენებელი კომპლექსი ამიერკვკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული იქნება. მისი საინვესტიციო ღირებულება 200 მილიონი ლარია. კომპლექსი 40 000 კვ.მ-ის ფართზე განთავსდება და 220 ნომრიანი იქნება. ასევე, მოეწყობა არანაკლებ 300 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების რამდენიმე ოთახი, ორი ან მეტი რესტორანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრი, ღია და დახურული აუზები, კაზინო, კაბარე. ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა სახის სარეკრეაციო ნაგებობა. სასტუმროში 400 ადამიანი დასაქმდება.
მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის დასრულება 2021 წელს იგეგმება.
თეონა კენჭიაშვილი