ევროკავშირი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება 6 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს სირიისთვის, დონორების კონფერენციაზე, რომელიც 24 და 25 აპრილს ბრიუსელში გაიმართება, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას.
„გასულ წელს 6 მილიარდი დოლარი გამოიყო. ვიმედოვნებთ, რომ წელს მეტის შეგროვებას შევძლებთ“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სირიის კონფლიქტის დაწყების შემდეგ 10,6 მილიარდი ევრო გამოყვეს სირიელი ხალხისა და დევნილების მხარდასაჭერად.
მისი თქმით, გარდა ამისა, კონფერენცია სირიის კონფლიქტის რეგულირების პოლიტიკურ პროცესზეც იქნება ორიენტირებული, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინაიდან კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა შეუძლებელია.
წინა მსგავსი შეხვედრა ბრიუსელში 2017 წლის აპრილში გაიმართა.