სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა გლდანის აგრარული ბაზრების შპს “მერკადოს“ და შპს „სუზალას“ ხორცის სარეალიზაციო პავილიონები შეამოწმეს.
სეს-ის ცნობით, შემოწმებისას ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, მავნე სურსათი კი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.
მათივე ცნობით, სულ დალუქულია 200 კგ-ზე მეტი მსხვილფეხა საქონლისა და ქათმის იმპორტირებული ხორცი. გარდა ამისა, შპს „მერკადოს“ ხორცის სარეალიზაციო პავილიონს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
„2018 წლის I კვარტლის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახეობრივი კვლევისთვის ხორცისა და ხორცპროდუქტების 40 ნიმუში აიღო, რომელთაგანაც დარღვევა დაფიქსირდა 11 ნიმუშში.
ამავე პერიოდში სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდა 7243 კგ ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები,“- ნათვამია სეს-ის ინფორმაციაში.