საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის გამჟღავნება სავალდებულო ხდება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2016-2017 წლებში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების მოკვლევა ჩაატარა.

კვლევის თანახმად, ბოლო 2 წელში 28 უბედური შემთხვევა მოხდა, თუმცა რადგან კომპანიებს არ აქვთ ვალდებულება სახელმწიფო უწყებას აცნობონ თანამშრომლის დაშავების ან გარდაცვალების შესახებ, შესაძლოა, ეს რიცხვი სრულყოფილად არ ასახავს არსებულ ვითარებას.

„სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ნაწილდება მშენებლობის სექტორზე: დაღუპულია 13 და დაშავებულია 12 ადამიანი; 5 დაღუპული მოდის სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერის დამუშავების სექციაზე; 2 დაღუპული და 5 დაშავებული ნაწილდება დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე; 2 დაღუპულია ელექტროენეერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექციაში; 1 დაღუპული და 4 დაშავებულია საბითუმო და საცალო ვაჭრობის ( ბენზინგასამართი და აირგასამართი სადგურები) სექციაში; 1 დაღუპული და 2 დაშავებულია გართობისა და დასვენების სექციაში და 1 დაღუპული ტრანსპორტისა და დასაწყობების სექციაში“ - ნათქვამია კვლევის ანგარიშში.

ამასთან, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონპროექტით არის გათვალისწინებული, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს, რომ საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ინსპექტირების დეპარტამენტს შეატყობინოს.

წყარო: myadvokat.ge