ბიზნესომბუდსმენი: ბიზნესზე პოლიტიკური წნეხი არ არსებობს

პოლიტიკური წნეხი ბიზნესზე დღეს, როგორც ფაქტი, არ არსებობს.

ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ბიზნესის თავისუფლება გამოიხატება, პირველ რიგში, იმაში, რომ პოლიტიკური წნეხი ბიზნესზე, დღეს როგორც ფაქტი, არ არსებობს. ესაა ფაქტი, რომელზეც ყველა შეთანხმებულია. ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება თავისუფლება და დაცულობის შეგრძნება, პროგნოზირებადი, კონკურენტული გარემო და პროგნოზირებადი კანონმდებლობა. შესაბამისად, ზეწოლის პრობლემა ბიზნესს არ აქვს. რაც შეეხება კონკურენტულ გარემოს ბიზნესისთვის, ამის უზრუნველსაყოფად შესაბამისი კანონი მივიღეთ. ბევრი შეკითხვა იყო დასმული საკანონმდებლო ცვლილებებზე. რამდენიმე ინვესტორმა აღნიშნა, რომ მზად არის ინვესტირებისთვის საქართველოში, მაგრამ დაინტერესდნენ, ხომ არ არის მოსალოდნელი საინვესტიციო პირობების შეცვლა, რაზეც პრემიერმა ცალსახად უპასუხა, რომ – არა, მხოლოდ მისი გაკეთილშობილების მიზნით შეიძლება გადაიდგეს რაიმე ნაბიჯები”, - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება პრემიერის იმ განცხადებას, რომ გიორგი გახარია არის შუამავალი ბიზნესსა და მთავრობას შორის, ბიზნესომბუდსმენის თქმით, ეს არის მისი პირდაპირი მოვალეობა და მას აბსოლუტურად ესმის ის პასუხისმგებლობა, რასაც პრემიერი გულისხმობს.

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სასტუმრო "რედისონში" ბიზნესმენებს შეხვდა.