„ზეგანაკვეთური სამუშაო დრო აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს“. თუმცა, იურისტების შეფასებით, დასაქმებულთა უფლებები ხშირად ირღვევა, რაც ნაკლები ინფორმაციულობითაა გამოწვეული.
როგორც საადვოკატო ბიურო OK&CG-ში აცხადებენ, დასაქმებულისა და დამსაქმებლის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებული კითხვებით მოქალაქეები მათ ხშირად მიმართავენ. ამიტომ, კომპანიის იურისტები განმარტავენ, რას ნიშნავს და როგორ რეგულირდება საქართველოში შრომის კოდექსის ეს ნაწილი - „ზეგანაკვეთური სამუშაო“.
ზოგადი წესის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებით საათებში შესრულებული სამუშაო ზეგანაკვეთურად ჩაითვლება.
იურისტების ცნობით, შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს არ უნდა აღემატებოდეს. (სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგები საქართველოს მთავრობის დადგენილება N329-ით არის განსაზღვრული). ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამუშაო დროის ხანგრძლივობა დასაქმებულის ასაკის გათვალისწინებითაც განისაზღვრება. კერძოდ, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა - კვირაში 24 საათს, არ უნდა აღემატებოდეს.
„ზეგანაკვეთურ მუშაობად ითვლება საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულებაც, რომელიც ასევე გაზრდილი ოდენობით უნდა იქნეს ანაზღაურებული. გასათვალისწინებელია, რომ სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაო ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით ანაზღაურდება. მისი ოდენობა კი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება. მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.
შრომითი კანონმდებლობით ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურების წესი შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობაა და აუცილებელია, მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღნიშნული საკითხის მარეგულირებელი მუხლი იყოს გათვალისწინებული. თუმცა, ხშირია შემთხვევა, როცა დამსაქმებელი დასაქმებულთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესსა და პირობებს საერთოდ არ ითვალისწინებს და შესაბამისად, არც ანაზღაურებს. აღნიშნული კი დასაქმებულის კანონით უზრუნველყოფილი უფლებების პირდაპირი და უხეში დარღვევაა,“-განმარტავენ OK&CG-ს იურისტები.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, დაქირავებულ მუშაკთა 78% აღნიშნავს, რომ უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ზეგანაკვეთური სამუშაო არ გაუწევია, 7% კი ზეგანაკვეთურად თითქმის ყოველდღე მუშაობს.
„ასეთ შემთხვევებში, ზეგანაკვეთური შრომა 62%-ს არ უნაზღაურდება, 22%-ს ყოველთვის უნაზღაურდება, დანარჩენს კი პერიოდულად. ამასთან, 2013 წელს გამოკითხულთა 50% აცხადებდა, რომ ზეგანაკვეთურად მუშაობდა, 20%-ის თქმით კი თითქმის ყოველდღე, ან კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც. ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა. გამოკითხულთა 62% მაშინაც მიუთითებდა, რომ ზეგანაკვეთური შრომა არ უნაზღაურდება,“-ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.
იურისტების შეფასებით, დასაქმებულთა უფლებების დარღვევა პირველ ყოვლისა, გამოწვეულია იმით, რომ საზოგადოებისთვის დასაქმებულთა უფლებები, დამსაქმებელთა ვალდებულებები და უფლების დაცვის სამართლებრივი გზები კარგად არ არის ცნობილი.
„ამდენად, დამსაქმებლის მიერ თქვენი შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მიმართეთ ადვოკატს და მიიღეთ კონსულტაცია, ვინაიდან, შრომითი კანონმდებლობის უპირველესი მიზანი დასაქმებულის უფლებების დაცვაა,“-აცხადებენ იურისტები.