ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარს უჭერენ სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკს სხვა ქვეყნებში კომერციულ ბანკებთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მექანიზმების დანერგვის მიმართულებით ძალიან კარგი გამოცდილება აქვს.
„მიმდინარე წლის მაისში საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელთა ვიზიტი იგეგმება და ჩვენ დეტალურად შევისწავლით ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას. ამ რეფორმას მსხვილი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განვახორციელებთ. სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს, მივაღწიოთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ მიზანს - დავძლიოთ სიღარიბე. ეს გზა კი გადის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებაზე. ესაა სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმა. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან ამ რეფორმის წარმატებით დასრულების საკითხში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას აღმოსავლეთ სამეზობლოში.
„ბანკი მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მიმართავს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე კერძო სექტორის, მათ შორის, ინოვაციური ბიზნესის განვითარების მიმართულებით. საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის მხარდაჭერას, რაც გულისხმობს მეტი ინვესტიციის მოზიდვას სატრანსპორტო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ჩვენთან საუბარში ფინანსთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ჩვენ გვაქვს კარგი გამოცილება ევროკავშირის ქვეყნებში, თუ როგორც შეიძლება კომერციულ ბანკებთან ერთად, შეიქმნას ინსტრუმენტები დამწყები, საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ვაზილ ჰუდაკმა.