Apple-მა სმარტფონების დამშლელი ახალი რობოტი წარადგინა (+ვიდეო)

„დედამიწის დღესთან“ დაკავშირებით კომპანია Apple-მა ახალი რობოტი წარადგინა, რომელიც iPhone-ბის უტილიზაციისთვის გამოიყენება.

როგორც გამოცემა The Verge წერს, რობოტი სახელად Daisy მისი წინამორბედის Liam-ის ბევრად უფრო სრულყოფილ მოდელს წარმოადგენს. ახალ რობოტს შეუძლია iPhone-ის 9 მოდელის ამოცნობა და საათში 200-მდე სმარტფონის დაშლა. მუშაობის პროცესში Daisy სმარტფონს აცლის სხვადასხვა დეტალებს, რომლებიც შემდეგ შეიძლება განმეორებით გამოიყენონ.

Apple-მა ასევე დაანონსა პროგრამა სახელწოდებით GiveBack, რომლის ფარგლებშიც 30 აპრილს ყოველ უტილიზაციისთვის ჩაბარებულ სმარტფონზე, კომპანია გადარიცხავს თანხას არაკომერციულ ორგანიზაცია Conservation International-ის ანგარიშზე, რომელიც იბრძვის მცენარეთა, ცხოველთა და ლანდშაფტების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შეგახსენებთ, აპრილის დასაწყისში Apple-მა განაცხადა, რომ მთლიანად გადავიდა განახლებად ენერგეტიკაზე. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ 2011 წელიდან დაწყებული განახლებად ენერგიაზე მუშაობის შედეგად კომპანიის საწარმოებში 54%-ით შემცირდა ატმოსფეროში სასათბურე გაზების გაფრქვევა.

კოკა კვირკველია