მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ნავთობპროდუქტები უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იყო, რომლის იმპორტმაც 186.9 მლნ დოლარი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აქციზის გაზრდის მიუხედავად, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 64.9 მილიონი დოლარით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-მარტში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის იმპორტმა 122 მლნ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი 2017 წლის იანვრიდან გაიზარდა. კერძოდ, ერთი ტონა ბენზინის აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, ერთი ტონა დიზელის საწვავის - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო ერთი ტონა ძრავის ზეთი - 400 ლარიდან 800 ლარამდე გაიზარდა. გაიზარდა ასევე 1000 მ3 გათხევადებული ბუნებრივი აირის აქციზი და 80 ლარის ნაცვლად 200 ლარი გახდა.