ოთარ დანელია: საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმში ცვლილებებიც შევიდეს

"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან, ბანკების ხელმძღვანელ პირებთან და ბანკების ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მართავს.

როგორც ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 2017 წელს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმის პირობებში საბანკო სექტორთან მიმართებაში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. დანელიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა მორატორიუმში ცვლილებებიც შევიდეს.

"მორატორიუმის პირობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები საბანკო სექტორთან მიმართებაში და ჩვენ გვინდა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ეს პრაქტიკა, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი რისკი, რომელიც შეიძლება ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე აისახოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისი ცვლილება შევიდეს მორატორიუმში თუ ამის აუცილებლობას დავინახავთ. ბუნებრივია, გათვალისწინებულ უნდა იქნას რიგი გარემოებები, რათა ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ფინანსური რესურსი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, ასევე საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, "უკანა ქმედებით ვალდებულებაც" დაეკისროთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ფლობენ მიწას.

"აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს ფიზიკურ პირ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზების აკრძალვას, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებზე არანაირი შეზღუდვა არ არის და ასევე, ჩვენ სერიოზულად ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, რომ სამომავლოდ, რეტროაქტიულად ანუ უკანა ქმედებით ვალდებულება დაეკისროთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მიწას და შესაბამის სანქციებზეც გვექნება საუბარი", - განაცხადა დანელიამ.

2017 წელს გამოცხადებული მორატორიუმით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვა აიკრძალა.