საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილება კი არა ვალდებულება ხდება.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტია წარდგენილი, რომლის თანახმადაც ცვლილებების მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. კერძოდ, „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლი მე-4 ნაწილი, კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იცნო. აღნიშნული ნორმის მიხედვით, „საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება საბაზრო ფასით განუსაზღვროს. თუმცა, აღნიშნულ ნორმასთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ნორმა ქონების ღირებულების საბაზრო ფასით გადაანგარიშების შესაძლებლობას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებად და არა ვალდებულებად.
„საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების პროცესში თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს აღნიშნული ღონისძიება. თუ იგი საჭირო ჩათვლის, გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულებას გადაუანგარიშებს საბაზრო ფასით, თუ მიიჩნევს, რომ ამგვარი საჭიროების წინაშე არ დგას, მას შეუძლია, გამოიყენოს სხვაგვარი გადაწყვეტა. შესაბამისად, ბუნებრივია, გადასახადის სხვადასხვა გადამხდელთან მიმართებით, სხვადასხვა შემთხვევაში საგადასახდო ორგანოს მიდგომა იქნება განსხვავებული. საგადასახადო შემოწმების პროცესში ზოგ გადასახადის გადამხდელს შეიძლება დასაბეგრი ქონების ღირებულება გადაუანგარიშდეს საბაზრო ფასით და ზოგს არა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის არგუმენტს, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმის მოქმედების სფეროში მოქცეულ პირებთან მიმართებით, საგადასახადო ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის საკითხს. სადავო ნორმა საგადასახადო ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას ქონების გადასახადის ადმინისტრირების მიზნით, გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო ტვირთი განუსაზღვროს ქონების საბალანსო ანდა საბაზრო ფასის შესაბამისად,“-აღნიშნავდა საკონსტიტუციო სასამართლო.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის აღნიშნული მე-4 ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების თარიღად 2018 წლის 30 აპრილი განისაზღვრა. სწორედ, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ამ ნაწილის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანაა, უდევს საფუძვლად, ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტს, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანო, ვალდებული იქნება საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება საბაზრო ფასით განსაზღვროს.