„თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ აითვისებენ მათ საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებს, არ გამოვრიცხავთ, დავავალდებულოთ, რომ გაასხვისონ“

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები არ აითვისებენ მათ საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, არ გამოვრიცხავთ, რომ დავავალდებულოთ გაასხვისონ,

- ამის შესახებ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში ბიზნესომბუდსმენთან, ბანკების ხელმძღვანელ პირებთან და ბანკების ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ოთარ დანელიას განმარტებით, კანონპროექტი შემუშავების პროცესშია და არ არის გამორიცხული, მის საბოლოო ვერსიაში ჩაიწეროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იმ სავარგულეების ჩამორთმევის საკითხი, რომელიც მიზნობრივად ან საერთოდ არ მუშავდება.

„საუბარია, 45-50 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, რომელიც გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების მფლობელობაში და ჩვენ მათ დავავალდებულებთ, რომ ათვისებულ იქნას ეს მასივები და დამუშავდეს სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, ანუ მიზნობრივი ათვისება მოხდეს იმ სავარგულებისა, რომლის დიდი ნაწილიც დღეს მოცდენილია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.