აშშ-ში მოპოვების ზრდა ნავთობის ფასს ამცირებს

ნავთობის ფასმა ახალი კვირა კლებით დაიწყო, რისი ძირითადი მიზეზიც, შეერთებულ შტატებში ჭაბურღილების რიცხვის ზრდაა.

სხვა მხრივ, ნედლი ნავთობის ბაზარზე ხარული განწყობა შენარჩუნებულია, რასაც პირველ რიგში, OPEC-ის მიერ ბაზარზე მიწოდების შეზღუდვის პაქტი განაპირობებს.

ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი დღეს 73.91 დოლარამდე შემცირდა, რაც წინა დახურვის ფასზე მხოლოდ 15 ცენტით ნაკლებია. ამერიკული მარკა დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასმა 18 ცენტით, 68.22 დოლარამდე დაიკლო.

წინა კვირის ბოლოსთვის, ამერიკული ჭაბურღილების რიცხვი 5 ერთეულით იყო გაზრდილი, რამაც ჯამში მათი რიცხვი 820-მდე აიყვანა. ეს კი, ენერგიის სერვისის ფირმა „ბეიკერ ჰიუზის“ მონაცემებით, 2015 წლის მარტის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.

ჭაბურღილების რიცხვის ზრდას, შედეგად ნავთობის მოპოვების ზრდა მოჰყვება. ამჟამად ამერიკაში ნავთობის დღიური მოპოვება 10.54 მილიონი ბარელია, რაც 2016 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. ამაზე მეტს მხოლოდ რუსეთი აწარმოებს, რომლის დღიური მოპოვება 11 მილიონ ბარელს აღწევს.

დღევანდელი კლების მიუხედავად, ნავთობის ფასის მაღალ დონეს, აზიაში მოთხოვნის მყარი ზრდა უზრუნველყოფს. ცნობისთვის, მიმდინარე წელს ბრენტ მარკის ნავთობის ფასი დაახლოებით 20 პროცენტით არის გაზრდილი. ასეთი მკვეთრი ზრდის მთავარი ფაქტორი კი OPEC-ის მიერ დაწესებული შეზღუდვებია, რისი მიზანიც, ნავთობის გლობალურ ბაზარზე, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსის აღდგენაა.

„JP მორგან ასეტ მენეჯმენტის“ გლობალური ბაზრის სტრატეგ კერი კრეიგის თქმით, ნავთობის ფასის ზრდის განმაპირობებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია აშშ-ის მიერ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების - რუსეთის, ირანის და ვენესუელას წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება. შეერთებული შტატების ახალი სანქციები, ნავთობის ბიზნესთან დაკავშირებულ რამდენიმე რუსულ კომპანიას და ბიზნესმენს შეეხო. გარდა ამისა, ისედაც გაჭირვებაში მყოფი ვენესუელას და ირანის წინააღმდეგ, ახალი სანქციებია მოსალოდნელი. საერთო ჯამში, „JP მორგანი“ ნავთობის ფასთან დაკავშირებით, ყიდვის პოზიციას ინარჩუნებს.

შეერთებულმა შტატებმა 12 მაისამდე უნდა გადაწყვიტოს, გავა თუ არა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან. ამას ავტომტურად მოჰყვება თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება, რაც დიდი ალბათობით, ირანის ნავთობის ექსპორტსაც შეეხება. ეს კი გლობალურ ბაზარზე მიწოდებას შეამცირებს და ფასს გაზრდის.

საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება - აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს OPEC დაადანაშაულა იმაში, რომ ეს ორგანიზაცია „ხელოვნურად“ ზრდის ნავთობის ფასს და განაცხადა, რომ ეს მისთვის „მიუღებელია“.