პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული გაერთიანების პრეზიდენტი აბდურრაჰმან კაანი ხელმძღვანელობს.
როგორც “ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობა საუკეთესო და თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის და როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივი ვაჭრობის სტატისტიკაზე, რომელიც, მისი თქმით, ყოველწლიურად ზრდის დინამიკით გამოირჩევა.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნულზე ასევე პოზიტიურად აისახება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანა და აგრეთვე საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის მეთოდის ამოქმედება, რომელიც ქუმსიშვილის შეფასებით, ხელს შეუწყობს საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი საწარმოების შექმნას, რაც თავის მხრივ, გარკვეულწილად, ქართული ექსპორტის დივერსიფიკაციასაც უზრუნველყოფს.
თურქული ორგანიზაციის პრეზიდენტმა აბდურრაჰმან კაანმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს ინფორმაცია მიაწოდა MUSAID-ის საქმიანობის შესახებ, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით.
მისი თქმით, თურქული ასოციაცია შეძლებს, დაეხმაროს ქართველ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციისთვის საერთაშორისო ბაზრების მოძიებაში. ასოციაციის პრეზიდენტმა ქართული მხარე მიმდინარე წლის ნოემბერში სტამბოლში დაგეგმილ გამოფენაზე მიიწვია, რომელიც თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება.
ცნობისთვის, ასოციაციამ თბილისში ოფისი დააფუძნა, რომელიც ოფიციალურად 22 აპრილს გაიხსნა.