რუსეთში Mercedes-ის 25 ათასი მანქანა გაიწვიეს - მიიღო თუ არა თბილისის ოფისმა გაწვევაზე შეტყობინება

რუსეთში Mercedes-ის ოფიციალურმა დილერმა ბაზრიდან 25 ათასამდე ავტომანქანა გაიწვია. საუბარია 2014-2017 წლებში გამოშვებულ A, В, С, CLA, GLA, GLC კლასების მოდელებზე.

რუსული მედიის ინფორმაციით, ავტომობილების გაწვევის მიზეზი უსაფრთხოების ბალიში გახდა. კერძოდ, როგორც ოფიციალური დილერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ელექტროსისტემა, რომელიც უსაფრთხოების ბალიშის მუშაობას უზრუნველყოფს, გაუმართავია, რამაც შესაძლოა, ბალიში მოქმედებაში ნებისმიერ დროს მოიყვანოს.

Mercedes-ის მფლობელებმა რუსეთში უკვე მიიღეს ოფიციალური იმპორტიორისგან შეტყობინება, რომ მათ ავტომანქანები შემოწმებასა და რემონტის სერვის-ცენტრებში მიიყვანონ. აღსანიშნავია, რომ რემონტი და შემოწმება სრულებით უფასოა.

რაც შეეხება საქართველოს, Mercedes-ის წარმომადგენლობის „აკა მერსედესის“ გაყიდვების მენეჯერი გიორგი ტატიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ საქართველოდან Daimler-ს Mercedes-ის არცერთი მოდელი არ გაუწვევია.

„როდესაც რაიმე პრობლემაა, გერმანიდან, სათაო ოფისიდან წერილს ვიღებთ, რომ ექსპლუატაციაში არ უნდა გავუშვათ. ამჯერად არანაირი ოფიციალური წერილი გამოგზავნილი არ არის. საქართველოში ჩამოსულ ნებისმიერ მოდელს კომპიუტერული დიაგნოსტიკა უტარდება, სხვა ტიპის შემოწმება ახალ მანქანას არ სჭირდება“, - აცხადებს ტატიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოში ხარვეზის მქონე Mercedes-ის მოდელები 2012 წელს შემოვიდა, თუმცა მაშინ გაწვევა არ მომხდარა: „E კლასის ავტომანქანებს ჰქონდა გარკვეული ხარვეზი. მხოლოდ გარკვეული ნაწილის გარანტიით შეცვლა ხდებოდა. ეს მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიოს ბაზრებზეც დაფიქსირდა.“

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Mercedes-ს მწარმოებელმა ავტოგიგანტმა Daimler-მა სხვადასხვა ბაზრიდან ავტომანქანები გაიწვია. კერძოდ, 2017 წლის ივლისში მსოფლიო ბაზრიდან 3 მილიონი ავტომანქანის გაწვევა მოხდა. 2008-2016 წლებში წარმოებულ ავტომანქანებს დიზელის ძრავთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. როგორც მაშინ გერმანული მედია წერდა, გაწვევისა და ძრავის განახლება კომპანიას დაახლოებით 220 მილიონი ევრო დაუჯდებოდა.

„დიზელის ძრავთან დაკავშირებული საჯარო განხილვები ცუდ მდგომარეობას ქმნის. ჩვენ გადავწყვიტეთ მივიღოთ დამატებით ზომები, რათა ავტომობილების მფლობელები დიზელის ტექნოლოგიის ეფექტურობაში დავარწმუნოთ“, - აცხადებდა Daimler-ის გენერალური დირექტორი დიტერ ცეტშე.

თეონა კენჭიაშვილი