„რეზონანსი": მევახშეების დროც დადგა - ეროვნულ ბანკში მათ რეგულაციაზე მუშაობენ

კერძო მევახშეების მიმართ რეგულაციები შესაძლოა, გამკაცრდეს. ეროვნულ ბანკში ამ მიმართულებით ნაბიჯის გადასადგმელად ემზადებიან. პოზიციას, რომ ეს სექტორი უნდა დარეგულირდეს, ყველა ეთანხმება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტების აზრით, შესაძლოა, ამის შემდეგ სხვა შავი ბაზრის არსებობაც დადასტურდეს. სავარაუდოდ, მევახშეებს თანხის გაცემის პირობებს შეუზღუდავენ.

შეეხება თუ არა არარეგულირებად საფინანსო ბაზარს, კონკრეტულად კი კერძო გამსესხებლებს რეგულაცია, ჯერ ეროვნულ ბანკში ამ საკითხზე ხმამაღლა არ საუბრობენ. "ბიზნეს-რეზონანსი" საქართველოს სებ-ის წარმომადგენელს დაუკავშირდა. იქ პირადი საუბრისას ფაქტი არც დაუდასტურებიათ და არც უარყვიათ, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს. "ჯერ არ ვიცით, რამდენად მოხდება ამ ბაზრის რეგულაციის ჩარჩოში მოქცევა", - განაცხადეს სებ-ში.

კერძო გამსესხებლების ბაზარი საკმაოდ დიდია და მის აღრიცხვასა და შემდეგ უკვე შეზღუდვას აუცილებლობად მიიჩნევს "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე. მისი თქმით, გასხვისებულ უძრავ ქონებასა და ხალხის უსახლკაროდ დატოვებაში მათი წილი ძალიან დიდია, უფრო მეტიც, ვიდრე ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა. კეპულაძემ იმ შესაძლო რეგულაციაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ეროვნული ბანკი მევახშეების მიმართულებით გეგმავს.

"ეს სექტორი რეალურად არაფორმალურია და მათ არანაირი რეგულაცია არ ეხება. ამასთან, სესხზე მაქსიმალური განაკვეთი აქვთ დაწესებული, რაც კი შეიძლება არსებობდეს. როგორც წესი, ასეთი სექტორის დარეგულირება სირთულეს უკავშირდება, მაგრამ ვიცი, რომ ამ საკითხზე უკვე მიდის მუშაობა.

პირველ რიგში, აუცილებელია ამ სექტორის აღრიცხვა, ხელშეკრულების აღნუსხვა, სასესხო პორტფელი უნდა გაიზომოს, დაახლოებით როგორია ვადაგადაცილებისა და გაფუჭებული სესხების ოდენობა. თუ ამ რიცხვებს გავიგებთ, შემდეგ უკვე მივხვდებით, რამდენად ჭარბვალიანი და პრობლემატურია ეს სექტორი.

ამის შემდეგ კონკრეტულ რეგულაციაზე ფიქრიც შეიძლება. ერთადერთი რაც ვიცით, არის ის, რომ გასხვისებულ უძრავ ქონებაში მათი წილი ძალიან დიდია, უფრო მეტი, ვიდრე ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა. ეს უკვე საგანგაშო მაჩვენებელია, რადგან თანხის მოცულობით ისინი ბანკებს ვერ შეედრებიან.

ამიტომ საჭიროა მათი შეზღუდვა. ის კი არადა, რეგულაციების მიუხედავად, ამ სექტორის მართვა ბოლომდე გაჭირდება და შავი ბაზარი და ჩრდილოვანი ეკონომიკა მაინც იარსებებს. ვიცი, რომ სებ-ი თავის მხრივ დიდი ხანია, გარკვეულ ცვლილებაზე ფიქრობს ამ მიმართულებით, თუმცა ჯერ ქმედითი ნაბიჯი ვერ გადადგა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რთული სექტორია", - განაცხადა კეპულაძემ.

კერძო გამსესხებლების აღრიცხვის საკითხი განიხილა "ბიზნეს-რეზონანსთან" საბანკო სფეროს წარმომადგენელმა ვაჟა კაპანაძემ. მისი თქმით, ეს ბაზარი იმდენად რთულია, რომ ძალიან გაუჭირდება ეროვნულ ბანკს რეგულაციის დაწესება, თუმცა ჯერ მათი აღრიცხვისკენ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯი.

"თუ კერძო გამსესხებლების საქმიანობა ისეთ სახეს იღებს, რომ შეზღუდვა აუცილებელია, აქ უნდა ჩაერიოს ეროვნული ბანკი. სებ-ს გაუჭირდება ამ ბაზრის ჩარჩოში მოქცევა. საბჭოთა დროინდელი "ტრადიციაა" ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში და ეროვნული ბანკისთვის ძნელი იქნება, ჩაერიოს ნათესავებსა და ახლობლებს შორის გასესხებულ თანხებში.

თუ ვინმე ეკონომიურ საქმიანობას ეწევა, სესხის სანაცვლოდ ბინას იღებს გირაოში, ეს კიდევ ცალკე საკითხია. რთულია ასეთი საქმიანობის რეგულირება, მაგრამ აუცილებელია. ასევე შეიძლება მომხმარებლის უფლებიდან გამომდინარე გადაიხედოს ეს საკითხი გარკვეული შემაკავებელი ნორმების გატარების საშუალებით", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კაპანაძემ.

წლების წინ მევახშეებთან საკუთარ გამოცდილებას იხსენებს მოქალაქე მაია ქამუშაძე. მან "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ თანხა, რომელიც ახლობლისგან ჰქონდა, საკმაოდ დიდი იყო და მისი პროცენტიც ოჯახისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. ქამუშაძე ამ მიმართულებით რეგულაციის გამკაცრებას მიესალმება.

"რამდენიმე წლის წინათ ახლობლისგან ვისესხე გარკვეული თანხა თვეში 10%-ად. წლების განმავლობაში ვიხდიდი მხოლოდ პროცენტს ისე, რომ "ძირს" არანაირი თანხა არ აკლდებოდა და რეალურად სამჯერ მეტი გადავუხადე პროცენტით, ვიდრე ნასესხები მქონდა. ამან განაპირობა ის, რომ ძალიან რთულ ფინანსურ კრიზისში აღმოვჩნდი. შევთავაზე, რომ ძალიან მიჭირდა და მხოლოდ ნასესხებ თანხას გადავუხდიდი, მაგრამ ჩემი დაშინება დაიწყო.

თავიდან ეს ნამდვილად გამოსდიოდა, თუმცა შემდეგ გავარკვიე, რომ მე შემეძლო მხოლოდ მისგან ნასესხები ფული დამებრუნებინა და პროცენტები არ მეხადა, რადგან არანაირი ხელშეკრულება არ მქონია გაფორმებული. ასეც მოვიქეცი, მაგრამ ძალიან დიდი ნახტომი გავაკეთე უკან ფინანსურად.

მოხარული ვიქნები, თუკი მევახშეებს შეზღუდავენ, ასე უფრო ნაკლებ ადამიანს დაუნგრევენ ცხოვრებას. იმას ვფიქრობ, ნეტავ არ ამეღო ან არავის მოეცა ჩემთვის პროცენტიანი ვალი, რადგან რეალურად იმაზე დიდი ზარალი მომადგა, ვიდრე მქონდა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მაია ქამუშაძემ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"