ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს.
ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს. მათი ცნობით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარებულ ტენდერში რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოვლინდა.
ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ). შესაბამისად, მის საქმიანობაზე კონტროლს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს.
ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე წლის 14 მარტს ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ ტრენინგში მონაწილე პირების სასტუმროთი უზრუნველყოფისთვის (CPV კოდი: 55100000) 73 625 ლარის ელექტრონული ტენდერი (SPA180002914) გამოაცხადა. სასტუმროს მომსახურება 100%-ით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და 2 სატრენინგო ჯგუფზეა გათვლილი: პირველი ჯგუფისთვის მომსახურება უნდა განხორციელდეს 7 დღე, ხოლო მეორე ჯგუფისთვის 14 დღე. თითო ჯგუფში 20 ადამიანია.
ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სასტუმრომ - „რობერტ ოვანესიან სასტუმრო კრონ პალას თბილისმა” მიიღო. აღნიშნული სასტუმროს მიერ წარდგენილი ფასი ტენდერის მაქსიმალურ ფასს - 73 625 ლარს გაუტოლდა. რადგან ამ სასტუმროს კონკურენტი არ ჰყავდა, იგი გამარჯვებულად გამოცხადდა და 30 მარტს მასთან კონტრაქტი გაფორმდა. „კრონ პალას თბილისის“ ვებგვერდის მიხედვით, ეს სასტუმრო ოთხვარსკვლავიანია და დარეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე, რომლის მფლობელი რობერტ ოვანესიანია.
ვებ-გვერდზე booking.com დარეგისტრირებული სასტუმროებს თუ გადავხედავთ, დღეისათვის თბილისში 103 ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა, რომლებიც ძირითადად თბილისის ცენტრალურ უბნებშია კონცენტრირებული. აქედან გამომდინარე, საეჭვოდ მოგვეჩვენა ის გარემოება, რომ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა სასტუმრომ მიიღო მონაწილეობა და კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა. ზოგადად, ტენდერში ერთი პრეტენდენტის მონაწილეობა შესაძლოა პრობლემური არ იყოს იმ სფეროებში, სადაც ცოტა მიმწოდებელია, მაგრამ ისეთ მაღალკონკურენტულ სექტორში, როგორიც სასტუმრო მომსახურებაა, ასეთი ფაქტი გარკვეულ კითხვებს აჩენს და დამატებით კვლევას საჭიროებს.
„როგორც აღმოჩნდა, ტენდერში მხოლოდ ერთი სასტუმროს მონაწილეობის მიღების მიზეზი ტენდერის პირობები იყო. ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ გამოცხადებული ტენდერი აჩენს ეჭვს, რომ პირობები წინასწარვე სასტუმრო „კრონ პალას თბილისზე“ იყო მორგებული.
აკადემია ტენდერში მონაწილეობის მსურველ სასტუმროებს სხვა პირობებთან ერთად, ისეთ არაგონივრულ მოთხოვნებს უყენებდა როგორიცაა: სასტუმრო უნდა მდებარეობდეს ქ. თბილისში გორგასლის N10 - ში განთავსებული სასწავლო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე (სასწავლო ცენტრიდან არაუმეტეს 10 წუთის სავალზე ტრანსპორტით); სასტუმროს უნდა ქონდეს მინიმუმ 20 ერთადგილიანი ნომერი, 20 კაციანი ჯგუფისთვის რესტორნის ტიპის სასადილო ოთახი, დახურული აუზი, საუნა, სპა ცენტრი, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ერთ შენობაში; სასტუმროს უნდა ქონდეს შიდა პარკინგი; სტუმრებს უნდა შეეძლოთ ისარგებლონ 24 სთ-ის განმავლობაში უფასოდ დახურული აუზით, საუნით, ფიტნეს ცენტრით.
ტენდერის მოთხოვნებში სასტუმროს ადგილმდებარეობის მითითება (ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორია, სასწავლო ცენტრიდან არაუმეტეს 10 წუთის სავალზე ტრანსპორტით) მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას. ამასთან, გაუგებარია, რა საჭიროა ის, რომ სასტუმროს ჰქონდეს შიდა პარკინგი და ერთ შენობაში განთავსებული დახურული აუზი, საუნა და სპა ცენტრი, რომლით სარგებლობა სტუმრებს 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ,“-ნათქვამია საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს“ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ფინანსთა სამინისტროს აკადემია მსგავსი პირობებით აცხადებს სასტუმროს მომსახურებაზე ტენდერს და მონაწილეობას მხოლოდ ერთი სასტუმრო - „კრონ პალას თბილისი“ იღებს და შესაბამისად, კონკურენციის გარეშე იმარჯვებს.
კერძოდ, როგორც ორგანიზაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, 2014 წლის ნოემბრიდან დღემდე აკადემიას სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე 6 ელექტრონული ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომელთაგან 5-ში „კრონ პალას თბილისმა“ გაიმარჯვა.
„კონკურენტი პრეტენდენტი მას არცერთ ტენდერში არ ჰყოლია. 5 ტენდერის ჯამური ღირებულება 300 000 ლარია. სასტუმრო პირველივე მითითებული ფასით იმარჯვებდა, რომელიც ტენდერის ღირებულების ტოლი იყო. შესაბამისად, შესყიდვაში ეკონომია არ კეთდებოდა. აშკარაა, რომ ტენდერებში „კრონ პალას თბილისის“ უკონკურენტოდ გამარჯვების მიზეზი ტენდერის პირობები იყო.
გარდა ელექტრონული ტენდერებისა, პირდაპირი შესყიდვით აკადემიამ 2014 და 2015 წლებში „კრონ პალას თბილისისთან“ ორჯერ გააფორმა ხელშეკრულება, რომელთა შესყიდვის ჯამური ღირებულება 146 000 ლარია.
გასულ წლებში აკადემიამ კონტრაქტი მხოლოდ ერთხელ, 2017 წლის თებერვალში გააფორმა სხვა სასტუმროსთან - შპს „კოპალასთან“. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ტენდერის პირობებს დაემატა: „სასტუმროს უნდა ჰქონდეს ხედი ძველ თბილისზე“ და პირობებს მოაკლდა: „სტუმრებს უნდა შეეძლოთ ისარგებლონ 24 სთ-ის განმავლობაში უფასოდ დახურული აუზით, საუნით, ფიტნეს ცენტრით“
მოვუწოდებთ:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს - დაინტერესდეს მისი აკადემიის სასტუმროს მომსახურების შესყიდვებით;
საქართველოს პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს - დაიწყოს გამოძიება სავარაუდო კორუფციული გარიგების გამოვლენის მიზნით;
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს - შეისწავლოს ზემოთ აღნიშნული შესყიდვები და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159 (6 პრიმა) მუხლის შესაბამისად სატენდერო დოკუმენტაციის არასწორად შედგენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, დააჯარიმოს სატენდერო კომისიის წევრები. ,“-ნათქვამია ინფორმაციაში.
ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სასტუმროს მომსახურების შესყიდვები: