ქვეყნის შიგნით სამგზავრო გადაადგილება უსაფრთხო არ არის, რაც როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის პრობლემებს ქმნის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სახმელთო ტრანსპორტის სააგენტო რამდენიმე წელია საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, ასევე ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გარკვეული ცვლილებების შეტანის შესახებ მსჯელობს, თუმცა რეგულაციები ამ დრომდე არ ამოქმედებულა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სამგზავრო გადაყვანების განყოფილების უფროსმა ალექსანდრე იანვარაშვილმა განუცხადა, სააგენტო აქტიურ სამუშაო პროცესშია, თუმცა ზუსტი თარიღი, როდის შევა ცვლილებები ძალაში, უცნობია.
„გარკვეული პუნქტების დახვეწა მიმდინარეობს. მიღებული გვაქვს მეწარმეების შენიშვნები და ამაზე ვმუშაობთ. ყველას თავისი ხედვები აქვს, პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე. ისინი ამბობენ, რომ არათანაბარ პირობებში უწევთ მუშაობა, რის გამოც სფერო ვერ ვითარდება. საკმაოდ დიდი პროცედურებია გასავლელი, სანამ ცვლილებები მთავრობას წარედგინება. კანონში მიმართულებები განისაზღვრება და ამ მიმართულებების ტექნიკურ რეგლამენტებს შევიმუშავებთ“, - განმარტავს იანვარაშვილი.
მისი თქმით, ქვეყნის შიგნით გადაადგილების დროს მგზავრი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.
„მგზავრის გადაყვანა უსაფრთხოებასთან, მომსახურების დონესთან, ტურიზმთან არის კავშირში. თუმცა ეს სფერო რეგულირების არეალიდან ამოვარდნილია. მგზავრი, რომელიც საერთაშორისო რეისით მგზავრობს, უსაფრთხოდ არის, ქვეყნის შიგნით თუ მგზავრობს - არა. ტურიზმის განვითარებისთვის უსაფრთხო და მოწესრიგებული გადაადგილება ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რომ გარკვეული რეგულაციები ამოქმედდეს“, - ნაცხადებს იანვარაშვილი.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტით უსაფრთხოების საკითხების გარდა, კომპანიების ლიცენზირების და ნებართვების საკითხები დარეგულირდება. ასევე, კანონპროექტში ჩადებულია ავტოსადგურების რეგულირების საკითხებიც.
სფეროში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის, უსაფრთოების წესების დარღვევის და კონკურენციის არარსებობაზე საუბრობს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძეც.
ურუშაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, რომ აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემები მომავალში უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს იმიჯზე.
„სატრანსპორტო დარგი განვითარების დონის თვალსაზრისით 90-იან წლებშია ჩარჩენილი. ჩვენთან საქალაქთაშორისო გადაყვანები ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონის სერვისად ითვლება. ჩვენ ტურიზმზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ, ამიტომაც ეს სფერო მაღალ დონეზე უნდა იყოს. დღეს ტურისტების უმრავლესობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის საქალაქთაშორისო გადაადგილების სერვისს ვერ იყენებს, რადგან აღნიშნული სეგმენტი კერძო გადამყვანებს აქვთ ათვისებული, ტაქსებს ან ტურისტულ კომპანიების, რომლებიც მსუბუქი ავტომანქანებით ემსახურებიან ტურისტებს. ანუ ტურისტი დამოუკიდებელი მარშუტით გადაადგილებას ვერ ახერხებს. ეს ყველაფერი მათ პრობლემას უქმნის, სამომავლოდ კი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე უარყოფითად აისახება“, - აღნიშნავს ურუშაძე.
მისი თქმით, შიდა სამგზავრო გადაყვანები პრობლემას ქმნის ადგილობრივებისთვისაც და მათთვის ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება უსაფრთხო არ არის: „მოუწესრიგებელი, გაუმართავი ტრანსპორტი ხშირად ხდება მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევებისა. პრობლემა არის მძღოლების კვალიფიკაცია და ავტოსადგურების ინფრასტრუქტურაც.“
ურუშაძის განცხადებით, სახელმწიფოსთვის ტრანსპორტის საკითხები არაპრიორიტეტულია და ამ დრომდე სფეროს რეგულირება იმიტომ არ ხდება.
„სახელმწიფო გამოწვევებს თავს ვერ ართმევს, ეფექტიან მონიტორიგს და სექტორის განვითარებას ვერ უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანი და აუცილებელი რეფორმები თაროზეა შემოდებული. სატრანსპორტო საკითხებზე პასუხისმგებელი პირიც არ გვყავს. რეგულაციები აუცილებელი და დროულია. 90-იან წლებში სატრანსპორტო სექტორს გაურკვეველი ჯგუფები მართავდნენ, არაფორმალური მოსაკრებლები არსებობდა. ერთი ნაბიჯი წინ გადაიდგა - ეს ყველაფერი აღმოიფხვრა, თუმცა შემდეგი ნაბიჯები აღარ გადადგმულა. სფეროში პირდაპირი კორუფცია არ არის, მაგრამ განვითარებაც ვერ შეძლო და თვითრეგულირებაზეა გადასული“, - აცხადებს ვასო ურუშაძე.
HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, რეგულაციები საჭიროა პირველ რიგში, იმიტომ, რომ სფერო უკონტროლოა, ბაზარზე გამჭვირვალე თამაშის წესები და ჯანსაღი კონკურენცია უნდა გაჩნდეს. ამასთან, კერძო სექტორის განვითარება-წახალისება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვასაც გამოიწვევს.
თეონა კენჭიაშვილი