ფოთიდან ევროკავშირის მიმართულებით, შესაძლოა, წყალქვეშა ენერგოგადამცემი ხაზი აშენდეს

ფოთიდან ევროკავშირის მიმართულებით, შესაძლოა, წყალქვეშა ენერგოგადამცემი ხაზი აშენდეს.

პროექტზე, რომელზეც Gross Energy Group მუშაობს, დღეს „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე „განახლებადი ენერგიის განვითარება - გზა ენერგოდამოუკიდებლობისკენ“ იმსჯელეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ Gross Energy Group-ის ფინანსურმა მენეჯერმა ირაკლი ტყებუჩავამ განუცხადა, საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიის იდეა იყო ევროპაში ენერგიის რეალიზაციის პლატფორმა შეექმნა.

„ამ ეტაპზე პროექტის წინარე ტექნიკური დასაბუთება არის მომზადებული. ზოგადი კონცეფცია ითვალისწინებს ფოთიდან ვარნას ან კონსტანცას მიმართულებით ხაზის მშენებლობას, თუმცა დეტალურად ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზე დაზუსტდება ხაზის ზუსტი მიმართულება, პარამეტრები, ვინ იქნება ჩართული ამ პროექტში, რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება და ა.შ. ზოგადად, ეს იდეა დიდი ხანია მუსირებს საზოგადოებაში, უბრალოდ, ახლა არის ყველაზე კარგი დრო, რომ მოხდეს მისი განვითარება, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკური მგგომარეობიდან გამომდინარე და ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის საჭიროა ამ პროექტის უკვე რეალურად დაწყება“, - განაცხადა ირაკლი ტყებუჩავამ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა წინასწარი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან და ევროკავშირის მხარესთან, ტყებუჩავა აცხადებს, რომ „მოთელვითი ეტაპი“ ყველა დაინტერესებულ მხარესთან გაიარა.

„ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, ეს პროექტი განხორციელდეს“, - აღნიშნა ირაკლი ტყებუჩავამ.