ევროპაში სიდიდით მეორე ხიდის სამშენებლო ზედამხედველობას „Institute IGH“ განახორციელებს, რომელიც უკვე წელიწადნახევარია საქართველოშიც მუშაობს.
როგორც საინჟინრო-საზედამხედველო კომპანია IGH-დან იუწყებიან, 2,4 კილომეტრის სიგრძის და 55 მეტრის სიმაღლის პელეშაცის საავტომობილო ხიდი ხორვატიაში აშენდება, რომელიც ადრიატიკის ზღვაში მალოსტონსკის ყურეს გადაკვეთს. ხიდის მშენებლობა 2018 წლის ივნისში დაიწყება და სამ წელიწადში დასრულდება. ხიდის სიგანე იქნება 21 მეტრი, რაც საკმარისია მოძრაობის ოთხი ზოლის მოსაწყობად.
ხორვატიის გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში „Institute IGH“-მ საუკეთსო პირობები წარადგინა და ტენდერი 8 მილიონ დოლარად მოიგო. ხორვატიის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეთავაზებულ წინადადებებს შორის „Institute IGH“-ს პირობები ყველაზე უკეთ აკმაყოფილებდა შერჩევის კრიტერიუმებს და ეკონომიკურად ყველაზე ეფექტური იყო.
პელეშაცის ვანტური კონსტრუქციის ხიდის მშენებლობის ღირებულება 343 მილიონი დოლარია. სამშენებლო სამუშაოებს ასევე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ჩინური კონსორციუმი განახორციელებს.
პელეშაცის ხიდი ხორვატიის ტერიტორიის ძირითად ნაწილს დააკავშირებს ქვეყნის სამხრეთის რეგიონთან - ადრიატიკის ზღვაში მდებარე სამხრეთ დალმატიის ნახევარკუნძულთან და უზრუნველყოფს უწყვეტ სატრანსპორტო კავშირს დუბროვნიკ-ნერეტვას რეგიონთან, განსაკუთრებით ტურისტული სეზონის დროს.
პელეშაცის ხიდის მშენებლობა ოთხეტაპიანი პროექტის - სამხრეთ დამლატიასთან დამაკავშირებელი გზა - პირველი ეტაპია. სამხრეთ დამლატიასთან დამაკავშირებელი გზის პროექტისათვის ევროკავშირმა 2017 წლის ივნისში 357 მილიონი ევროს გრანტი გამოყო, რაც პროექტის საერთო ღირებუელბის 85%-ია.
„Institute IGH“ -მა საქართველოში საქმიანობა 2016 წლის ბოლოს დაიწყო, როცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გააფორმა ხელშეკრულება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შესასრულებელი მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის. რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, მშენებლობის და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების შესახებ. ამასთან, „Institute IGH“-ის საქართველოს ფილიალი ახორციელებს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტირებას.
„Institute IGH“ 1949 წელს დაარსდა ზაგრებში და ძველი იუგოსლავიის მასშტაბით ერთადერთი საინჟინრო-სამეცნიერო ორგანიზაცია იყო, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე მუშაობდა. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ კომპანიამ გააფართოვა საქმიანობის არეალი და ლიდერია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. „Institute IGH“-ს, საქართველოს გარდა, ფილიალები აქვს ბოსნია-ჰერცოგოვინაში, მონტენეგროში, სერბეთში, ბულგარეთში, ალბანეთში. კომპანია საქმიანობს ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაში.
„Institute IGH“-ის ძირითადი საქმიანობა მოიცავს მშენებლობების პროექტირებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას, პროექტების მართვას, კვლევებს, საკონსულტაციო მომსახურებას, სამშენებლო მასალების ლაბორატორიულ ტესტირებას, სტანდარტიზაციას. კომპანიის მიერ დაპროექტებულია ათასობით კილომეტრის სიგრძის გზა, 800 ხიდი, 80 კმ საერთო სიგრძის გვირაბი, მათ შორის ყველაზე გრძელი გვირაბი ხორვატიაში. „Institute IGH“-ის მიერ დაპროექტებული გვირაბები აღიარებულია, როგორც ყველაზე უსაფრთხო ევროპაში (2008 და 2009 წლები).