სამდღიანი კლების შემდეგ ოქროს ფასი დასტაბილურდა

მას შემდეგ, რაც ამერიკული გრძელვადიანი სახაზინო ვალდებულებების მომგებიანობის ზრდა შეწყდა, ოქროს ფასმა სამდღიანი კლება შეაჩერა.

შესაბამისად, შეჩერდა დოლარის ინდექსის ზრდა, რაც ასევე სამი დღე გრძელდებოდა, რამაც მისი ინდექსი ბოლო სამი თვის მაქსიმუმამდე აიყვანა.

დღეს შუადღისთვის ოქროს ფასი 1 327.43 დოლარი (ტროას უნცია) ღირდა, აშშ-ის ბაზარზე კი ივნისის ფიუჩერსის ფასი 5.1 დოლარით გაიზარდა და 1 329.1 დოლარს მიაღწია.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ოქროს ფასის ზრდას, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის გამწვავება და სირიის კონფლიქტის ახალი ძალით გაღვივება უზრუნველყოფდა. ოქროზე, როგორც რისკისგან თავშესაფარ ვალუტაზე, მოთხოვნა მაღალი იყო და შესაბამისად, ის ძვირდებოდა.

ამ პერიოდში ოქროს ფასის უფრო მაღალი ტემპით ზრდას ის გარემოება აფერხებდა, რომ ბაზარი ფედრეზერვისგან დოლარზე საპროცენტო განაკვეთის აწევის მოლოდინშია.

ოქროს გარდა, ფასები სხვა ძვირფას მეტალებზეც შემცირდა. მაგალითად, უნცია პალადიუმის ფასი 1.1 პროცენტით, 967.47 დოლარამდე შემცირდა. ორშაბათს, მას შემდეგ, რაც ამერიკის ფინანსების დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ „რუსალთან“ ანგარიშსწორების ნებართვას ნახევარი წლით ახანგრძლივებს, პალადიუმის ფასი დაახლოებით 5 პროცენტით შემცირდა. ცნობისათვის, „რუსალი“ კომპანია „ნორნიკელის“ აქციების 28 პროცენტს ფლობს, ეს კომპანია კი მსოფლიოში პალადიუმის უმსხვილესი მომპოვებელია.

რაც შეეხება დანარჩენ ძვირფას მეტალებს: უნცია ვერცხლის ფასი 16.69 დოლარია (ორშაბათის დახურვის ფასი 16.53 დოლარი იყო), პლატინა 914.74 დოლარი ღირს, პალადიუმი კი - 970.00 დოლარი.