დედაქალაქში ყოველკვირეული ფესტივალი „თბი ლისი“ დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ღონისძიება 28 აპრილს დაიწყება და ყოველ შაბათს, ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
„ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მერია ყოველკვირეულ ფესტივალს „თბი ლისი“ დაიწყებს, რომელიც სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს მოიცავს. პროექტი ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება, სადაც დასვენებისთვის, გართობისთვის, სპორტული აქტივობებისთვის სასურველი გარემო იქნება, სადაც ასევე კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება. სპორტული აქტივებები 13 სახეობაში იქნება და ნებისმიერ ადამიანს, შეეძლება 28 აპრილიდან, ყოველ შაბათს მივიდეს ლისის ტბის მიმდებარედ და ჩაერთოს ფესტივალში,“-აღნიშნა კალაძემ.
მანვე კულტურის სამსახურის უფროსს დაავალა, რომ მაისის შუა რიცხვებიდან თბილისში სხვადასხვა აქტივობის მოწყობა იყოს შესაძლებელი.
„მომავალ კვირას უნდა იყოს პროექტი წარმოდგენილი, თუ თბილისის რა ადგილებზე გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომ ქალაქი მთელი ზაფხულის განმავლობაში გამოცოცხლდეს,“-აღნიშნა კალაძემ.