გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამმხრივი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს 8 დაცული ტერიტორია კავკასიის ბუნების ფონდიდან (CNF) 1 100 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, ხელშეკრულებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯაკომინიმ მოაწერეს ხელი.
საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება; იგეგმება ავტოპარკის განახლება.
ხელმოწერის ღონისძიებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და მათი მხრიდან სხვადასხვა მიმართულების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯაკომინიმ კავკასიის ბუნების ფონდის მიერ ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიებისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ბუნების კონსერვაციაზე მზრუნველი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.