მაიორკაზე ბინის დაქირავება აიკრძალება

ესპანეთის კუნძულ მაიორკაზე მდებარე ქალაქ პალმას მცხოვრებლებს ტურისტებზე ბინების გაქირავებას აუკრძალავენ. ეს არის პირველი გადაწყვეტილება ქალაქის მერიის მიერ.

ადგილობრივი მცხოვრებლები დიდი ხანია ქირის თანხის სიძვირეზე ჩივიან, რომელიც დაკავშირებულია უამრავი საიტის გაჩენით, რომელიც მოკლე დროით სთავაზობს მსურველებს ბინის დაქირავებას.

ქალაქის მერის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იქნება სამაგალითო სხვა ქალაქებისთვის, რომლებიც მასიური ტურიზმით იტანჯებიან. მომხმარებელთა ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება დაეტყობა ბევრი ოჯახის შემოსავალს.

პალმაში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც, ტურისტული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს კი პირველ რიგში დაკავშირებულია კერძო პირების მხრიდან ბინის ქირის შეთავაზებებზე, 2015 წლიდან 2017 წლამდე ამ ტიპის ბინების რაოდენობა ქალაქში 50%-ით არის გაზრდილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, ქალაქში ქირაზე გატანილი 11 ათასი ბინიდან ლიცენზია ქირავნობაზე მხოლოდ 645-ს აქვს.

ტურისტების ნაკადის ზრდის გამო, გაიზარდა ბინის დაქირავების ფასებიც, რაზეც ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავს. მათივე თქმით, ტურისტების რაოდენობის ზრდამ საცხოვრებელ უბნებში უწესრიგობა გამოიწვია.

კოკა კვირკველია