ბინები, მანქანები, ფასიანი ქაღალდები - რა ქონებას ფლობენ ქართველი პარლამენტარი ქალები?

ქონებრივ დეკლარაციას საქართველოში 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს. დეკლარაცია ივსება ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ორი კვირის ვადაში.

რამდენიმე თვის წინ, მონიტორინგის ცენტრმა "მედიატორმა" პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და შედეგები გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, დეკლარირებულ მილიონერებს შორის დეპუტატი ქალბატონებიც არიან. მათ შორის პირველია ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე, რომლის დეკლარირებული ქონება 50 მლნ ლარს აჭარბებს. სამეულში შედის ასევე ნინო წილოსანი, რომლის უძრავი ქონების ჯამური თანხა "მედიატორის" ინფორმაციით

არის 2.074.207 ლარი და სალომე ზურაბიშვილი 1.365.640 ლარით.

დეპუტატების ქონება საზოგადოებაში ყოველთვის ინტერესის საგანია, ამჯერად გთავაზობთ ქალი დეპუტატების ქონებრივ დეკლარაციებს.

ეკა ბესელია

ეკა ბესელიას ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის დეკემბერში აქვს შევსებული. დეკლარაციის თანახმად, ბესელია ფლობს 80 კვ.მ ფართობის ბინას თემქაზე და 150 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს გამრეკელის ქუჩაზე, ასევე არასაცხოვრებელ ფართს გაბაშვილის (ყოფილი ყიფშიძე) ქუჩაზე.

დეკლარაციის შევსების მომენტში ბესელიას "ბანკი ქართუს" სახელფასო ანგარიშზე 6000 ლარი, მიმდინარეზე კი 602 ამერიკული დოლარი ჰქონდა. მას "თი-ბი-სი ბანკში" აქვს რამდენიმე ანგარიში, რომელზეც ირიცხება 16 500 ლარი, 354 ლარი, 390 ლარი და 195 დოლარი. ეკა ბესელიას საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულის ოდენობა 16 000 ამერიკული დოლარი იყო.

ეკა ბესელიამ ანაზღაურების სახით პარლამენტის წევრობისთვის 2016 წელს მიღებული აქვს 66 465 ლარი, ხოლო იმავე წელს საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში პედაგოგიური საქმიანობისთვის 18 000 ლარი.

თინათინ ბოკუჩავა

თინათინ ბოკუჩავამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის ივლისში შეავსო. ბოკუჩავას საკუთრებაშია 51 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე. ის ასევე ფლობს 50%-იან წილს მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი სახლის ქობულეთში. თინა ბოკუჩავას მეუღლე, კონსტანტინე იოსელიანი 1500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს დიდ ლილოში198 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში.

დეკლარაციის შევსების მომენტში თინა ბოკუჩავას "თი-ბი-სი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე ერიცხებოდა 1800 ლარი, ხოლო ანაბარზე 4600 ლარი.

2016 წელს ბოკუჩავამ საქართველოს პარლამენტიდან ანაზღაურების სახით აიღო 60 285 ლარი. დეკლარაციის შევსების მომენტში ბოკუჩავას "თი-ბი-სი ბანკში" 36000 ლარის ოდენობის სესხი ჰქონდა.

ხათუნა გოგორიშვილი

ხათუნა გოგორიშვილს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის 23 ივნისს აქვს შევსებული. გოგორიშვილის საკუთრებაშია 112 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა შარტავას ქუჩაზე.

პარლამენტის წევრობისთვის 2016 წელს მან 71259 ლარის ანაზღაურება აიღო, ხოლო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მოწვეული სპეციალისტისთვის 6 233 ლარი.

დეკლარაციის შევსების მომენტში ხათუნა გოგორიშვილს "ბაზისბანკში" აღებული ჰქონდა 20 000 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი.

ნინო გოგუაძე

ნინო გოგუაძეს დეკლარაცია 2017 წლის ოქტომბერში აქვს შევსებული. ის ფლობს ბინას თბილისში. შევსების მომენტში გოგუაძეს საქართველოს ბანკში ანაბარზე ჰქონდა 5745 ლარი.

პარლამენტის წევრობისთვის გოგუაძემ 2016 წლის ნოემბრიდან დეკემბრის ბოლომდე აიღო 6625 ლარი, ხოლო 2016 წლის პირველი იანვრიდან 17 აგვისტოს ჩათვლით თბილისის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიიღო 30928 ლარი.

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 17 იანვარს აქვს ჩაბარებული. ზურაბიშვილი ფლობს საცხოვრებელ სახლს თბილისში, კუფტინის ქუჩაზე, 235 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში და ბინას საფრანგეთში, პარიზში.

ზურაბიშვილის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი Hyundai 2012.

დეკლარაციის შევსების მომენტში ზურაბიშვილი ფლობდა "საქართველოს ბანკის" 35 ფასიან ქაღალდს, რომელიც 2013 წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული და რომელშიც გადახდილი აქვს 1244 ფუნტი სტერლინგი.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში "საქართველოს ბანკის" მიმდინარე სახელფასოზე 300 ლარი, ხოლო იმავე ბანკის ანაბრზე 50000 ამერიკული დოლარი ჰქონდა, ხოლო CIC Banque transatlantique Paris ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 7400 ევრო.

ზურაბიშვილმა 2017 წლის გამავლობაში პარლამენტის წევრობისთვის ანაზღაურების სახით აიღო 57 645 ლარი.

ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის იანვარში შეავსო. ის ფლობს 49 კვ.მ ფართობის ბინას ლიკანში, მემკვიდრეობით მიღებულ 2100 კვ.მ ფართობის არასაცხოვრებელ ფართს დუშეთის რაიონში და მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთს თბილისში, კაჭარავას ქუჩაზე. მისი მეუღლის კახაბერ კევლიშვილის საკუთრებაშია მემკვიდრეობით მიღებული ბინა და არასაცხოვრებელი ფართი.

ირმა ინაშვილის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა NISAN ARMADA, რომელშიც 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, 14 აშშ დოლარი გადაიხადა. ამავე დეკლარაციის მიხედვით მას დედამ 7 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების ოქროს ბეჭედი აჩუქა.

დეკლარაციის შევსების მომენტში ინაშვილს "თი-ბი-სი ბანკის" საკრედიტო ბარათზე ჰქონდა 5000 ამერიკული დოლარი.

იმ დროისთვის ირმა ინაშვილი ფლობდა 50%-იან წილს შპს კომპანია ეკონომ X საქართველოში, თუმცა დეკლარაციის მიხედვით საანგარიშო პერიოდში ირმა ინაშვილს ამ საქმიანობიდან შემოსავალი არ მიუღია ისევე როგორც შპს მედიასახლ "ობიექტივიდან", რომლის 28%-ის პარტნიორიც დეკლარაციის შევსების მომენტში იყო.

2017 წელს ირმა ინაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე 76 065 ლარი აიღო.

2017 წელს ირმა ინაშვილის გასავალმა ქველმოქმედების სახით საქველმოქმედო ფონდში "ობიექტივი" შეადგინა 13 000 ლარი.

სოფიო კილაძე

სოფიო კილაძემ დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის დეკემბრის ბოლოს შეავსო. სოფიო კილაძის საკუთრებაშია 67კვ.მ ფართობისა და 55,4 კვ.მ ფართობის ბინები თბილისში.

საანგარიშო პერიოდში კილაძის "თი-ბი-სი ბანკის" სახელფასოზე ირიცხებოდა 111,98 ლარი.

2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მიღებულმა ანაზღაურებამ 7 648 ლარი შეადგინა. იმავე წლის იანვრიდან დეკემბრამდე შსს-ს აკადემიის პრორექტორის თანამდებობაზე კილაძემ ანაზღაურების სახით 22 116 ლარი მიიღო.

საანგარიშო პერიოდში პარტია "ქართულ ოცნებას" შემოწირულობის სახით 30 000 ლარი გადაურიცხა.

სვეტლანა კუდბა

სვეტლანა კუდბას ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის იანვარში აქვს შევსებული. ის ფლობს 49 კვ.მ ფართობის ბინას ბათუმში. 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით კუდბამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ჯანდაცვის საკითხების კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე 45 600 ლარი აიღო, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით პარლამენტის წევრობისათვის 46 800 ლარი მიიღო.

საანგარიშო პერიოდში სვეტლანა კუდბას გასავალი ქველმოქმედების სახით 4000 ლარი იყო.

ადა მარშანია

ადა მარშანიამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის მაისში შეავსო. თბილისის მერიის დადგენილების საფუძველზე ის ფლობს 83 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელ სახლს მარჯანიშვილის ქუჩაზე, მემკვიდრეობით ფლობს 200 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს სოხუმში, მიწის ნაკვეთებს სოხუმში, აფხაზეთში გულრიფშის რაონში და გალის რაიონში.

საანგარიშო პერიოდში ადა მარშანიას "თი-ბი-სი ბანკის" სახელფასოზე ჰქონდა 5023 ლარი, იპოთეკურზე 83 000 ლარი, "საქართველოს ბანკის" სამომხმარებლოზე კი 1500 ლარი.

გუგული მაღრაძე

გუგული მაღრაძეს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2017 წლის დეკემბერში აქვს ჩაბარებული. მის საკუთრებაშია 18 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, შანიძის ქუჩაზე, 57კვ.მ ფართობის ბინა ზესტაფონში, 138 კვ.მ ფართობის ბინა ქობულეთში, 138კვ.მ ფართობის ავტოფარეხი ქობულეთში. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა Volkswagen Passat.

დეკლარაციის შევსების მომენტში გუგული მაღრაძეს "თი-ბი-სი" ბანკის ანაბარზე ჰქონდა 7501 ამერიკული დოლარი, იმავე ბანკის სახელფასოზე 2611 ლარი, "თი-ბი-სი" ბანკის მიმდინარეზე 1469 ევრო, "ქართუ ბანკის" სახელფასოზე კი 9 401 ლარი.

2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით გუგული მაღრაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის თანადებობაზე 17 418 ლარი, ხოლო იმავე წლის სააგნარიშო პერიოდში პარლამენტის წევრობისთვის 56 102 ლარი აიღო. იხილეთ გაგრძელება