Mercedes-Benz-მა სერიული A-Class Saloon-ი წარმოადგინა

გერმანულმა პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელმა კომპანია Mercedes-Benz-მა ჩინეთის დედაქალაქში მიმდინარე საავტომობილო შოუზე სერიული წარმოების A-Class-ის სედანის ვერსია - Saloon წარმოადგინა.

ავტომობილის გაყიდვა მიმდინარე წელსვე დაიწყება, თუმცა ბაზრის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე ახალი ავტომანქანა ჯერ ჩინეთში, შემდეგ კი უკვე დანარჩენ მსოფლიოშიც გაიყიდება.

Mercedes-Benz კომპაქტების ოჯახის მეექვსე წევრი პრაქტიკულად იმეორებს გასულ წელს ჩინეთში წარმოდგენილი კონცეპტუალური მოდელის Concept A-ს ვიზუალს. ჩინეთში გასაყიდი მოდელი სტანდარტული სედანისგან განსხვავებით 60 მილიმეტრით გრძელი იქნება და კონკურენციას გაუწევს ისეთ პოპულარულ მოდელს როგორიცაა Audi A3 Saloon.

რაც შეეხება ინტერიერს, ავტომობილმა მიიღო ზუსტად იგივე ტექნოლოგიური სისტემა, როგორიც ახლადწარმოდგენილმა A-Class ჰეჩბეკმა. ავტომობილი ბაზარზე რამდენიმე ვარიანტის ძრავით გამოვა, მოგვიანებით კი ვიხილავთ AMG-ს ტოპ ვერსიასაც.

სიახლის ფასი ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, თუმცა ის სავარაუდოდ, 28-დან 32 ათასი ევროს ფარგლებში იქნება.

კოკა კვირკველია