"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" შსს-ს მიმართა

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად, წერილობით მიმართა.

კომპანია ითხოვს, სამინისტრო დაეხმაროს და გამოიძიოს, რამ გამოიწვია 22 მაისს, თბილისის მოსახლეობაში დეზინფორმაციის გავრცელება სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგზავნილი წერილის თანახმად, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა დეზინფორმაციის გავრცელება წარმოადგენდეს წინასწარდაგეგმილ ორგანიზებულ პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობაში პანიკის დათესვასა და კომპანიის მიმართ ნდობის შემცირებას, რაც ხელს უშლის დედაქალაქის მთავარ წყალმომმარაგებელს თავისი საქმიანობის განხორციელებაში.

"მოგმართავთ თხოვნით - დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება ჩადენილ ფაქტზე, სრულყოფილად იქნას გამოძიებული ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, გამოვლენილი და დასჯილი იქნენ ბრალეული პირები", - ნათქვამია წერილში.

თბილისში სასმელი წყლის შესაძლო დაბინძურების შესახებ ინფორმაცია 22 მაისს სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით ვრცელდებოდა.