1-ლი მაისიდან დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე პოსტს ტოვებს და მუშაობას კერძო სექტორში საკონსულტაციო და მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე გააგრძელებს.
ამის თაობაზე სულამანიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„მივიღე გადაწყვეტილება, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თითქმის წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდგომ, დავტოვო თანამდებობა და მუშაობა კერძო სექტორში განვაგრძო.
ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ვფიქრობ, ჩემი როგორც ფინანსისტის და მენეჯერის შესაძლებლობები ამ პოზიციაზე მაქსიმალურად გამოვიყენე, რაც გამოიხატა იმ ძირითადი გამოწვევების დაძლევაში, რაც სამსახურის წინაშე იდგა. ჩემი ღრმა რწმენით, სამსახური განვითარების სწორ გზაზე დგას და ეს გზა შეუქცევადია. დარწმუნებული ვარ, სამსახურის შემდგომი ხელმძღვანელი და მისი მენეჯმენტი კიდევ უფრო განამტკიცებს სამსახურის გაძლიერების ტენდენციას.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, რომელთაც თავის დროზე ნდობა გამომიცხადეს ამ თანამდებობაზე დანიშვნისას. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამსახურის მთელ გუნდს, ასევე თავად სექტორის წარმომადგენლებს, რომელთა ყოველდღიური მხარდაჭერაც უმნიშვნელოვანესი იყო სიახლეების დანერგვისა და იმ რეფორმების გზაზე, რაც ამ ბოლო წელიწადნახევრიან პერიოდში განხორციელდა.
კერძოდ, ძალაში შევიდა უცხო ქვეყნებში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა/მძღოლთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მესამე პირთა წინაშე. დაზღვევა უკვე მოქმედებს 1 მარტიდან და კონკრეტული დადებითი ფინანსური შედეგები მოაქვს, როგორც სექტორისთვის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე მოქმედდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, კერძოდ ბაზრობების, ავტოგასამართი სადგურების, 100 და მეტ ადგილიან სასტუმროების, სტადიონების მფლობელთა მიმართ მესამე პირთა წინაშე ხანძრისგან პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა. შემუშავდა, დამტკიცდა და შევიდა შესაბამისი სანქციები იმ იურიდიული პირების მიმართ, ვინც სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობას თავს აარიდებს.
მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად, გაწეული დიდი სამუშაო და ვიმედოვნებ, შესაბამისი პროცედურული საკითხების კვალდაკვალ, მალევე ამოქმედდება უკვე საქართველოში რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მფლობელთა/მძღოლთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დზღვევა მესამე პირთა მიმართ.
ეს ყველაფერი კომპლექსურად მოიტანს იმას, რომ ამაღლდება დაზღვევის კულტურა ქვეყანაში, გაძლიერდება სექტორი და შესაბამისად დაზღვევის სოციალური სიკეთით სულ უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკვე მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აღარ არის საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სსიპ -ი და გადავიდა თვითდაფინასებაზე, ანუ ფინანსდება სექტორის მიერ გამომუშავებული სადაზღვევო პრემიის შესაბამისად გარკვეული საპროცენტო გააკვეთით, ისე როგორც აპრობირებულია განვითარებულ ქვეყნებში. ეს რეფორმა მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც ზედმეხედველ ორგანოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი ეკონომიკურ-ფინანსური და მატერიალური ბერკეტები, რომ განვითარდეს ტექნოლოგიურად, იმავდროულად მოიზიდოს და დააკმაყოფილოს კვალიფიციური კადრები და სექტორის ზედამხედველობა სათანადოდ განახორციელოს.
ვფიქრობ, სექტორის ზრდის პარალელურად მომავალშივე დადგება ზედამხედველობის კიდევ უფრო გაძლიერების საჭიროება. ამ შემთხვევაში შესაძლოა, განვითარების ერთ-ერთი სათანადო ვარიანტი იყოს ზედამხედველობის ფუნქციის ინსტიტუციურად გაძლიერება და არასაკრედიტო ზედამხედველობის მიმართულებების გაერთიანება, როგორც საკუთრივ სადაზღვევო სექტორის, ისე საინვესტიციო ფონდების და სხვა. მიმჩნია, რომ ზედამხედველობის ხარისხი და ეფექტიანობა ასე ერთი-ორად გაიზრდება და სისტემის შეუქცევად განვითარებას უკეთ შეუწყობს ხელს.
რაც შეეხება, საკუთრივ ჩემს შემდგომ პოზიციებს, ამ ეტაპზე, მხოლოდ ის შემიძლია განვაცხადო, რომ მუშაობის გაგრძელებას ვგეგმავ საფინანსო-საკრედიტო სექტორში საკონსულტაციო და მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე“, - ნათქვამია კონსტანტინე სულამანიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.