„ეარბას A350 XWB-მ“ პირველი სატესტო ფრენა შეასრულა

„ბოინგის“ კვალობაზე, თავისი ახალი შორსმფრენი სამგზავრო ლაინერის პირველი სატესტო ფრენა „ეარბასმაც“ შეასრულა.

ორძრავიანმა A350 XWB-მ, რომელმაც ბაზარზე კონკურენცია „ბოინგ 787-9 დრიმლაინერს“ უნდა გაუწიოს, პირველი სატესტო ფრენა ტულუზის ბლანიაკის აეროპორტიდან განახორციელა.

პირველი რეისი პერტიდან (ავსტრალია) ლონდონამდე შესრულდა. კომპანია „კანტასის“ „ბოინგ 787-9 დრიმლაინერმა“, შუალედური დაშვების გარეშე, 14 498 კილომეტრის სიგრძის მარშრუტი იფრინა, რითაც კომერციულ ავიაციაში ახალი მიღწევა დააფიქსირა, მაგრამ ეს რეკორდი მალე გაუმჯობესდება.

საქმე ისაა, რომ სინგაპურის ავიახაზები წლის ბოლოდან სინგაპურსა და ნიუ იორკს შორის პირდაპირი რეისების შესრულებას დაიწყებს. ფრენებს კი სწორედ „ეარბასის“ ახალი ლაინერი შეასრულებს. ამ ორ ქალაქს შორის ფრენის მანძილი 15 218 კილომეტრია. ამასთან, ევროპული ავიაგიგანტის ინფორმაციით, A350 XWB-ს გაცილებით შორს, 17 964 კილომეტრზე ფრენის უნარი აქვს.

A350 XWB-ს ახალ ვერსიაზე არაერთი მოდიფიკაცია შესრულდა, რამაც ფრენის სიშორის გაზრდის გარდა, მისი სხვა საექსპლუატაციო მახასიათებლებიც გააუმჯობესა. შეიცვალა საწვავის ავზები, რომლებიც უკვე 24 000 ლიტრ საწვავს იტევს. ფიუზელაჟი და ფრთები კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა. დაგრძელდა ვინგლეტები - ფრთის დამაბოლოებელი ელემენტები, რომლებიც საწვავის ეკონომიურ მოხმარებას უზრუნველყოფს.

A350 XWB-ს ახალი ვერსიის ასაფრენი წონა 280 ტონაა და მას გარე ავზების გარეშე, 20 საათით უწყვეტი ფრენის უნარი აქვს. ამასთან, მისი ორი რეაქტიული ძრავი, 25 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს და ნაკლებად ხმაურიანიცაა.

„ეარბასს“ ახალი A350 XWB-ს შემუშავება და წარმოებისთვის მომზადება 12 მილიარდი ევრო დაუჯდა. მას სამი ვარიანტის სახით დაამზადებენ, რომლებსაც 270-დან 350-მდე მგზავრის გადაყვანის უნარი ექნება. სალონში სამი კლასის სეგმენტები მოთავსდა. ლაინერი „როლს-როისის“ წარმოების „XWB ტრენტ“ ძრავებით არის აღჭურვილი, რომლებიც (თითოეული) 37 800 კილოგრამ გამწევ ძალას გამოიმუშავებენ. აღნიშნული რეაქტიული აგრეგატი, სპეციალურად შეიქმნა „ეარბასის“ ახალი ლაინერისთვის. თვითმფრინავის კრეისერული სიჩქარე 0.85 მახია (903 კმ/სთ).

„ეარბასს“ თავის შორსმფრენ A350 XWB-ზე 45 კომპანიისგან 854 შეკვეთა აქვს მიღებული.