სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების ახალი ეტაპი იწყება

სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფოპროგრამის განხორციელების ახალ ეტაპს იწყებს. დღეს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი ბეზარაშვილი პროგრამაში ჩართულ, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს შეხვდა.

პროგრამა ითვალისწინებს, შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და სტაჟირებას მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები შემუშავდა წინასწარ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე, რომელმაც გამოავლინა 51 მოთხოვნადი პროფესია. პროფესიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ბაგა-ბაღის აღმზრდელი, ექთნის თანაშემწე, ვებ-პროგრამისტი, მოლარე, სარეკლამო აგენტი, სტილისტი, მდივან-რეფერენდი, შემდუღებელი, ბუღალტერი.

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების ხანგრძლივობა მერყეობს 2-დან 4 თვემდე, პროფესიების შესაბამისად (სწავლის საფასურის დასაფარად მსურველზე გაიცემა ერთი ვაუჩერი, რომლის მაქსიმალური ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოქალაქეებისთვის შეადგენს 1500 ლარს, ხოლო სხვა პირებზე - 1000 ლარს. პროფესიულ კურსებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეული 44 აკრედიტირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ჩაატარებს. ისინი წარმოდგენილნი არიან თბილისსა და საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში: მცხეთაში, თელავში, საგარეჯოში, გურჯაანში, მარნეულში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზესტაფონში, წალენჯიხაში, ფოთში, ოზურგეთში, მესტიაში, ზუგდიდში, რუსთავში, ქობულეთსა და ბათუმი.

გარდა მოკლევადიანი კურსებისა, სოციალური მომსახურების სააგენტო დაინტერესებულ პირებს კერძო დაწესებულებებში სტაჟირების გავლაში დაეხმარება. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირების გავლის მსურველი დააკმაყოფილებს კერძო ორგანიზაციის მოთხოვნებს, ვაკანტურ ადგილზე სტაჟირების გასავლელად სახელმწიფო სტაჟიორს ყოველ თვე, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში, სტიპენდიის სახით - 200 ლარს გადაუხდის.

პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია სამუშაო ადგილებზე სწავლება – სტაჟირება, რომელიც უკვე წარმატებით ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით. ამავდროულად დაწყებულია სუბსიდირების პროგრამა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

პროგრამაში ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქეები 16 წლის ზემოთ, რომლებიც რეგისტრირებულები არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე და თანახმა არიან გაიარონ მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სასწავლო კურსი.

პროგრამაში ჩასართავად სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით განხორციელდება. მომზადება-გადამზადების პროგრამებში ჩართვის მსურველებმა უნდა მიაკითხონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც შეარჩევენ სასურველ პროფესიას და დარეგისტრირდებიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში worknet.gov.ge-ზე პროგრამაში ჩართვის მსურველად.

პროგრამაში ჩართვისას უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პრობაციონერებს და სხვა დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების წარმომადგენლებს. ამით სახელმწიფო მათ უქმნით დამატებით საშუალებას, მოკლე დროში მიიღონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაფერისი უნარ-ჩვევები ამა თუ იმ პროფესიაში იმისათვის, რომ გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერზე: 1505, ან ესტუმრონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს www.ssa.gov.ge.

2017 წლის „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის" პროფესიული მომზადება-გადამზადების კომპონენტით მოსარგებლე 2130 სამუშაოს მაძიებლიდან, ამ ეტაპზე, დასაქმებულია 551 სამუშაოს მაძიებელი.