Mercedes Maybach Ultimate Luxury-ის პრემიერა პეკინის მოტორ შოუზე

„მერსედეს-ბენცმა“ პეკინის საავტომობილო გამოფენა „ავტო ჩინაზე“, ახალი მდიდრული კონცეპტუალური ავტომობილი - „მერსედეს-მაიბახ ალტიმეიტ ლუქშერი“ წარადგინა, რომელიც ერთდროულად ლუქს კლასის სედანიცაა და უგზოობის ავტომობილიც. გერმანული კომპანია ირწმუნება, რომ ეს აღნიშნული ტიპის პირველი ავტომობილია მსოფლიოში.

„მერსედეს-მაიბახ ალტიმეიტ ლუქშერი სრულიად ახალი არქიტიპია, როგორიც ადრე არასდროს გვინახავს. ჩვენს კონცეპტში შერწყმულია სედანის და SUV-ის დნმ და ის ულტრა-თანამედროვე სამმოცულობიან უგზოობის მოდელს წარმოადგენს“, - შოუზე ავტომობილის წარდგენისას განაცხადა „დაიმლერის“ უფროსმა დიზაინერმა გორდონ ვაგენერმა.

კონცეპტუალური ავტომობილის ხასიათს, მისი რადიატორის ზორბა ცხაური წარმოაჩენს, რომელსაც ვერტიკალური ზოლები ამშვენებს. მას აქვს სედანის ტიპის ძარა, მაგრამ მაღალი კლირენსი იმის დასტურია, რომ მას ცუდი გზებისაც არ ეშინია. გრძელი კაპოტი რბილად გადადის წინა საყრდენებსა და დახრილ საქარე შუშაზე. სახურავზე არსებულ ლუქს გრძივი ტიხარი აქვს, რომელიც ალბათ მხოლოდ კონცეპტუალური ვერსიაა და წარმოების შემთხვევაში, მთლიანად გახსნილი იქნება. საბარგული კი სედანისთვის შეუფერებლად მოკლეა, თუმცა საკმარისი სიგრძე აქვს იმისთვის, რომ ძარა სამმოცულობიანი იყოს.

ელეგანტური ექსტერიერის შესაფერისია ძალიან მდიდრულად გაწყობილი სალონი, სადაც თეთრი ფერი დომინირებს. საჭის უკან ორი ციფრული ეკრანი განლაგდა, რომელთაგან ერთი მაჩვენებლების დაფის როლშია, მეორე კი - ინფოტაინმენტ სისტემის ნაწილია. გადამრთველებს ვერსად ნახავთ - მათ ფუნქციებს ინფოტაინმენტ სისტემის სენსორული ეკრანი ითავსებს. წინაც და უკანაც სავარძლებს მაღალი სატრანსმისიო გვირაბი ჰყოფს, რომელშიც კარდანის ნაცვლად, ელემენტების ბლოკი განლაგდა. ამ გამყოფის წყალობით, სალონში ოთხი, ძალიან კომფორტული კოკპიტის ეფექტია შექმნილი.

ელემენტების ბლოკის ხსენებაზე ალბათ ადვილად მიხვდებოდით, რომ საქმე ელექტრომობილთან გვაქვს. ამასთან, „მერსედეს-მაიბახ ალტიმეიტ ლუქშერი“ იმავე პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელზეც სედანი S-კლასი.

ელექტრული ძალური დანადგარი 750 ცხენის ძალას (550 კილოვატს) გამოიმუშავებს, ენერგიას კი ელემენტების ბლოკისგან ღებულობს, რომლის ტევადობაც 80 კილოვატსაათია. ამ ბლოკის ძირითადი ნაწილი ძირზე განლაგდა, ნაწილი კი სალონის გამყოფ ტიხარში. „მერსედესი“ ირწმუნება, რომ მის კონცეპტს ერთი სრული დამუხტვით, 500 კილომეტრის გავლის უნარი აქვს. მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 250 კილომეტრია.

ცნობისათვის, „მერსედეს-მაიბახ ალტიმეიტ ლუქშერი“ მესამე კონცეპტუალური ავტომობილია, რომელიც შტუტგარტელებმა „მაიბახის“ სახელით დაამზადეს. პირველი 2016 წელს იყო კონცეპტი „ვიჟნ მერსედეს-მაიბახ 6 კუპე“, რომელსაც მალე ღია ვერსია - „ვიჟნ მერსედეს-მაიბახ 6 კაბრიოლეტი“ მოჰყვა.