"თბილისის მერის ინიციატივას, ავტოფარეხების აღების თაობაზე, განხორციელება არ უწერია"

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე მიიჩნევს, რომ თბილისის მერის ინიციატივა, ავტოფარეხების აღების თაობაზე, რეალისტური არ არის და მას განხორციელება არ უწერია.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრისას ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, მოსახლეობას ეს ინიციატივა მოეწონება, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, კერძო საკუთრების დათმობა არავის მოუნდება.

„კახა კალაძემ ზუსტად იცოდა, რომ ფარეხების აღების საკითხზე მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იქნებოდა თანახმა, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მივა და დადგება კონკრეტულ უბანში კონკრეტული ავტოფარეხის დათმობის საკითხი, დამერწმუნეთ, წააწყდება ძალიან დიდ წინააღმდეგობას და აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანებისა, რომლებიც ამ ავტოფარეხებს შეიძლება საერთოდ არ იყენებდნენ ავტოფარეხად, არ დათმობს“, - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოდის, ქალაქში არსებული ავტოფარეხები აიღონ და მათ ნაცვლად ბაღები, სკვერები და სპორტული მოედნები გაშენდეს. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის წევრებს მოუწოდა, თავიანთი რაიონების მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია აწარმოონ.