ავსტრიული კომპანია “როზენბაუერი” საქართველოში სახანძრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებს , - როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება, გადაწყვეტილება ავსტრიაში კომპანია “როზენბაუერის” სათაო ოფისში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, გიორგი მღებრიშვილისა და კომპანია “როზენბაუერის” აღმასრულებელ დირექტორ დიტერ სიგელის შეხვედრაზე მიიღეს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ “როზენბაიერი” ტექნიკის წარმოებას საქართველოში სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტს “დელტას” ბაზაზე დაიწყებს. სსმს-ის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები სრულად განაახლოს სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ამისთვის მნიშვნელოვანი რესურსები იქნება გამოყოფილი.
“ჩვენ განვითარების ახალ ეტაპზე გადავდივართ. დადგა დრო, როდესაც აუცილებელია საქართველოში მოხდეს სახანძრო-სამაშველო ტექნიკის სრული გადაიარაღება. ჩვენ შევარჩიეთ კომპანია “როზენბაუერი”, რომელთან თანამშრომლობითაც მოვახერხებთ დასახული გეგმების განხორციელებას. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი. სერიოზულად განვიხილავთ ამ პროექტს და ეს პრემიერ-მინისტრის დონეზე წყდება”, - განაცხადა შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა.
“როზენბაუერის” აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპანია დაინტერესებულია, რომ პირველი ქართულ-ავსტრიული სახანძრო მანქანა უმოკლეს დროში აეწყოს.
“მიხარია, რომ საქართველოს სახანძრო ტექნიკის შეძენის კუთხით დიდი გეგმები აქვს. თანამშრომლობის ყველა ფორმისთვის მზად ვართ. ჩვენი სახანძრო მანქანების ბოლო მოდელები ისეა დამზადებული, რომ მარტივად მოხდეს მისი აწყობა სხვა ქვეყანაშიც. ჩვენ ორიენტირებულები ვართ ხარისხსა და სანდოობაზე. “როზენბაუერის” სახანძრო მანქანებს 25-წლიანი გარანტია აქვს”, - აღნიშნა დიტერ სიგელმა.
როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უახლოეს მომავალში კომპანია “როზენბაუერი”, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” სამმხრივ ხელშეკრულებას გააფორმებენ.
გიორგი მღებრიშვილმა კომპანია “როზენბაუერის” აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში მოიწვია.