საქართველოში ბავშვის აღმზრდელების ანუ ძიძების რეესტრის შექმნის შესახებ, საკანონმდებლო წინადადების განხილვა გადავადდა. კერძოდ, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ითხოვს, აღნიშნული წინადადებების განხილვის ვადა 30 დღით გახანგრძლივდეს.
ამის მიზეზი კი, როგორც ზოიძის წერილშია აღნიშნული, კომპეტენტურ უწყებებთან დამატებითი კონსულტაციების გავლის საჭიროებაა.
შეგახსენებთ, რომ ძიძების რეესტრი შექმნის შესახებ საკანონმდებლო წინადადება, რომლის ავტორიც მოქალაქე მაია რობაქიძეა, პარლამენტში წინა თვეში შევიდა.
როგორც ინიციატივის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, აუცილებელია ისეთი პრევენციული ინსტიტუტის შექმნა, რომელიც რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დაიცავს ბავშვის უსაფრთხოებას. წინადადების ავტორის ცნობით, ასეთი ინსტიტუტი საქართველოში არ არსებობს.
წინადადების მიხედვით, აღმზრდელთა რეესტრის გამოყენება მშობლებისთვის ნებაყოფლობითი იქნება; ხოლო სააგენტოები ვალდებულნი იქნებიან საქმიანობის სფეროში მხოლოდ სახელმწიფო მონაცემთა ბაზა გამოიყენონ. ამასთან, პროექტის თანახმად, რეესტრის გამოყენება ყველასთვის ფასიანი იქნება.
აღმზრდელთა სახელმწიფო რეესტრის წარმოებას შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, შესაბამისად, პირებს, რომელთაც ბავშვის აღმზრდელად მუშაობის სურვილი ექნებათ, სამინისტროსთვის მიმართვა მოუწევთ.