არის შემთხვევები როდესაც თქვენს სახელზე გამოტანილი სესხით ან საკრედიტო ბარათით თქვენი ახლობელი სარგებლობს და პასუხისმგებლობას იღებს გადახდაზე.
თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხერხდება სესხის დროული დაფარვა და ამის გამო თქვენს სესხს ნეგატიური სტატუსი ენიჭება. ნეგატიური სტატუსი კი მომდევნო რამდენიმე წელში სესხის მიღებას ძალიან ართულებს.
მსგავს სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეთ თაღლითობის შედეგადაც, როდესაც თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებით სესხი თქვენ ნაცვლად მესამე პირს გამოაქვს. „ბიზნესპრესნიუსი“ „კრედიტინფოზე“ დაყრდნობით, გაწვდით ინფორმაციას თუ როგორ უნდა აირიდოთ თავიდან სხვის გამო ისტორიის "გაფუჭება".
როგორ უნდა გაიგოთ, რომელი სესხებია თქვენზე გაფორმებული?
კრედიტინფო საქართველოს ბაზას მონაცემებს ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციების უმეტესობა აწვდის, ყველაზე სწრაფი გზა - გაიგოთ თუ რომელი სესხებია თქვენზე დარეგისტრირებული სწორედ კრედიტინფოს დახმარებით შეგიძლიათ. არსებობს ინფორმაციის მიღების ორი გზა: ჩემი კრედიტინფოს დახმარებით ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ან მიბრძანდეთ კრედიტინფო საქართველოს ოფისში და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო რეპორტის გაცემა წელიწადში ერთხელ უფასოა.
როგორ უნდა აკონტროლოთ თქვენი საკრედიტო ინფორმაცია?
ჩემი კრედიტინფოს პრემიუმ მომსახურება საშუალებას იძლევა აკონტროლოთ თქვენი საკრედიტო ისტორია. კერძოდ, თქვენ საკრედიტო ისტორიაში ცვლილების ან ვინმეს მიერ თქვენ შესახებ ინფორმაციის მოძიების შემთხვევაში, შეტყობინებას მიიღებთ. აღნიშნული მომსახურება ასევე გეხმარებათ გამოავლინოთ საეჭვო ქმედებები, რომელთაც შეიძლება თქვენს საკრედიტო რეპორტში ჰქონდეს ადგილი.
ცნობისთვის, პრემიუმ მომსახურების დახმარებით თქვენ მიიღებთ შეტყობინებას შემდეგი ქმედებების შემთხვევაში: თუ თქვენი საკრედიტო ისტორია გადამოწმდა რომელიმე საკრედიტო ორგანიზაციის მიერ; საკრედიტო რეპორტს დაემატა ახალი სესხი; დაიხურა რომელიმე არსებული სესხი; დაიფარა სესხის ვადაგადაცილებული თანხა; სესხს მიენიჭა ნეგატიური სტატუსი და თუ არსებული სესხის ნაშთი შეიცვალა.