აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ რეგიონული განვითარებისთვის გამოყოფილ 700 მლნ დოლარის ოდენობის პროექტზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან, მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს, რაც მნიშვნელოვანია ტურისტული პოტენციალის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით.
,,ვფიქრობ, რომ ურთიერთანამშრომლობის ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. მაგალითად, ზუგდიდი-მესტიის, თელავი-ახმეტის მიმართულებით, თბილისში, როგორც რეგიონული განვითარების ცენტრში. ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, როგორც ტურიზმის, ისე აგრობიზნესის განვითარებას,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
იეშიმ ელჰან-კაიალარმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში, ბანკი გააფართოვებს პორტფელს, რაც ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს.
სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის დახმარების პროექტი საქართველოს ინტეგრირებულ ურბანულ განვითარებას და ინვესტირების პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევას ითვალისწინებს.
მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს თანამშრომლობისა და პროექტების დაფინანსებისთვის.
თავის მხრივ, იეშიმ ელჰან კაიალარმა განაცხადა, რომ ბანკი მზადაა გააგრძელოს საქართველოსთან თანამშრომლობა და გაზარდოს ეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური მხარდაჭერა.