ევროკავშირის ფარგლებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი დასაქმებულია. ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც მიმდინარე წლის 20 აპრილს ასოციაციამ "ქართველები საფრანგეთში" ჩაატარა.
გამოკითხვაში მონაწილეობა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა 300-მა ადამიანმა მიიღო. კითხვაზე, არიან თუ არა დასაქმებულები, გამოკითხულთა 60%-მა აღნიშნა, რომ მუდმივი ან დროებითი სამუშაო ადგილი აქვს, 40% კი სახელმწიფო დახმარებას იღებს. დასაქმებულთა დიდი ნაწილი, დაახლოებით 67% დასაქმებულია კერძო სექტორში, 15% - სახელმწიფო სამსახურში, 6%-ს გააჩნია კერძო ბიზნესი.
როგორ ცხოვრობენ თავშესაფრის მაძიებელი ქართველები ევროპაში?
გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი, 98 ადამიანი მომსახურების სფეროშია დასაქმებული. 15 ადამიანი - მედიცინის სფეროსა და მშენებლობაზე. ყველაზე ცოტა, 6 ადამიანი მუშაობს განათლებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში.
გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა, დაახლოებით 95%, კმაყოფილი ან ნაწილობრივ კმაყოფილია მისი სამსახურით, მხოლოდ 5% უკმაყოფილობას გამოთქვამს არსებული სამსახურით.
გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მათ უმრავლესობას, ანუ 80%-ს ევროკავშირის ცხოვრებისთვის საჭირო დოკუმენტაცია აქვს.
მათ შორის, 122 ადამიანი ქვეყანაში დროებითი ბინადრის სტატუსით ცხოვრობს, 65 - ლტოლვილის სტატუსით, 48 იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელშიც ცხოვრობს, 20 მათგანი სტუდენტია, 5 კი შესაბამისი სამედიცინო დახამარების მიღების მიზნით არის უცხოეთში. გამოკითხულთაგან 33 ადამიანი ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება.