Auto China 2018-ზე 100-ზე მეტი ახალი მოდელი წარადგინეს

ჩინეთის დედაქალაქში მიმდინარე რიგით მეთხუთმეტე ავტოშოუზე Auto China 2018-ზე 105 მსოფლიო პრემიერა წარადგინეს.

მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 1200-ზე მეტი კომპანია 14 ქვეყნიდან და რეგიონიდან. მათ შორის არის ისეთი მსოფლიო ბრენდები როგორებიცაა McLaren, Aston Martin, Bentley, Lamborghini, Toyota, Volkswagen, BMW, Rolls-Royce, Audi, Subaru, Mercedes-Benz, Mazda, Honda, Suzuki, Nissan და სხვები. ექსპოზიციის საერთო ფართობი 220 ათასი კვადრატულ მეტრს შეადგენს. საერთო ჯამში კი გამოფენაზე ათასზე მეტი ავტომობილია წარმოდგენილი.

მიმდინარე წლის ერთ-ერთი უმთავრესი ტრენდი არის ელექტრომობილები. სულ სალონზე 64 კონცეპტუალურ და 174 სერიულ მოდელს წარადგენენ. როგორც უცხოური მედია წერს, ჩინეთი სამომავლოდ სწორედ ამ მიმართულებას დაუთმობს უდიდეს ყურადღებას.

როგორც შარშან, მიმდინარე წელსაც აკრძალულია ავტოსალონების უცვლელი „ატრიბუტი“ ავტომობილებთან პოზიორი მოდელები. თუმცა ავტომწარმოებლებმა ხრიკებს ამჯერადაც მიმართეს და მაღალფეხება ლამაზი გოგოები მანქანებთან, როგორც ტექნიკური სპეციალისტები, ისე მუშაობენ და პუბლიკას ინფორმაციას საკმაოდ დამაჯერებლად აწვდიან.

ავტოსალონის პირველი 4 დღე მხოლოდ ჟურნალისტებისთვის და დარგის სპეციალისტებისთვისაა ღია. ფართო პუბლიკისთვის კი ის 27 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით იმუშავებს.

კოკა კვირკველია