"სილიკონ ველი თბილისის" ტექნოლოგიურ სივრცეში "ინტერნიუსი-საქართველომ" პროექტის "დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებასაქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში" შედეგები წარადგინა. გამარჯვებულმა მონაწილეებმა აუდიტორიას პროექტები თავად გააცნეს დამათ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
"ინტერნიუსი-საქართველოს" პროექტის დირექტორის მაია მიქაშავიძის განმარტებით, მედიაჰაკათონი მიზნად ისახავდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში მედიაწიგნიერების გაზრდას. მაია მიქაშავიძის ინფორმაციით, საქართველოში პროექტმა ცხრა ადგილობრივ მედიასაშუალებას გაუზიარა პროექტის ფარგლებში დამზადებული მულტიმედიური კონტენტი, გადასცა მიკრო-გრანტები და დაეხმარა უნარ-ჩვევების განვითარებაში, ვებ-გვერდის გაუმჯობესებაში და აუდიტორიის გაზრდაში.
მედიასაშუალებებმა ასევე მოამზადეს 200-მდე მულტიმედიური მასალა ვებტექნოლოგიური ფორმატების (ინფოგრაფიკა, რუქები, ინტერაქტიული თამაშები) გამოყენებით. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სასარგებლო ონლაინ პლატფორმები და ინსტრუმენტები ჟურნალისტებისთვის. ამ მიზნით თბილისში ჩატარდა მედია ჰაკატონი, რომლის გამარჯვებულებმა - eMKa-მ, "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მედია ლაბორატორიამ" და "საზოგადოების განვითარების ინფორმაციულმა ცენტრმა" მიიღეს მიკრო-გრანტები, საექსპერტო დახმარება და შექმნეს შემეცნებითი ონლაინ თამაშების პლატფორმა და სერვისი, ონლაინ ვიდეო გენერატორი და ვებ-რეკლამის განთავსების პლატფორმა. ჩატარდა ასევე მედიაინოვაციების ლაბორატორია კიევში, რომლის გამარჯვებულმა, საგამოძიებო ჟურნალისტურმა მედიასაშუალება "აიფაქტმა" შექმნა ონლაინ თამაში "აშენე შენი ქალაქი."
მაია მიქაშავიძის შეფასებით, პროექტმა ხელი შეუწყო ახალგაზრდების და ხანდაზმულების მედია წიგნიერების ზრდას და ინფორმაციის გაცვლას, მედია წიგნიერების გაზრდას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტებს, რომლებიც ჰაკათონის ფარგლებში განხორციელდა, მედიასაშუალებები უკვე იყენებენ.
"სილიკონ ველის" სივრცეში ჩატარდა ძალიან ეფექტური ჰაკათონი, რომელზეც ჟურნალისტებმა და ვებდეველოპერებმა ერთად დააყენეს საკითხი, როგორ გაუმჯობესდეს და უფრო ტექნოლოგიური გახდეს მედია და რა ინსტრუმენტების შეთავაზება შეგვიძლია. ეს პროექტი, რომელიც უფრო დიდი პროექტის ნაწილია და საქართველომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით განახორციელა, წარმატებულად ჩატარდა. მიმაჩნია, რომ ქართული მედიაგარემო უმჯობესდება, ბევრი ახალი ციფრული მედიასაშუალება იქმნება და “პალიტრა მედია” ტექნოლოგიური და ვებ-მედიის შექმნის ერთ-ერთი პიონერია,”-აღნიშნა მაია მიქაშავიძემ.
"სილიკონ ველის" სივრცეში, კერძოდ "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში" პრეზენტაციას ვაშინგტონის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ერინ სპიტზერიც ესწრებოდა. მან პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტები დადებითაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ახალი ინსტრუმენტები, რომლებიც მედიაჰაკათონის მონაწილეებმა წარმოადგინეს, ქართულ მედიას აუდიტორიის მოზიდვაში დაეხმარება.
"დღევანდელი ღონისძიება ძალიან საინტერესო იყო. სასიამოვნო იყო ყველა პროდუქტის ნახვა, რომელიც ჰაკათონის ფარგლებში განხორციელდა, ჩვენ ამ პროცესებში ჩართულები ვიყავით, შესაბამისად, ძალიან სასიამოვნოა იმ შესანიშნავი თამაშების, ინსტუმენტების ნახვა, რომლების გამოყენებაც ქართულ მედიას შეეძლება. მიმაჩნია, რომ ეს პროექტები ქართულ მედიას ციფრული სივრცის მოდერნიზებაში დაეხმარება, რაც მას აუდიტორიისთვის უფრო საინტერესოს გახდის და იმ ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად ტელეფონიდან იღებენ ინფორმაციას, აღნიშნული ფორმით კომუნიკაცია უკეთესი იქნება" - აღნიშნა ვაშინგოტნის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე პრეზენტაცია "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის" მედია ლაბორატორიის გუნდმაც წარმოადგინა. გუნდის წევრებმა აუდიტორიას ის პროექტი გააცნეს, რომლის მეშვეობითაც გასულ წელს აღნიშნული უნივერსიტეტისა და "პალიტრა მედიის" მხარდაჭერით ჩატარებული მედიაჰაკათონის გამარჯვებულები გახდნენ. გუნდის პროექტი ვებსერვისს ეხებოდა, რომლის მეშვეობითაც, რეკლამის განმთავსებლებს სრული ინფორმაციის ერთ სივრცეში მიღება შეუძლიათ.
"მედიაჰაკათონში გამარჯვების შემდეგ ჩვენს პროექტზე სამი თვის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდი და ვფიქრობ, რომ დღეს საინტერესო პრეზენტაცია გამოგვივიდა, სხვა მომხსენებელებიც მოგვწონა და მიმაჩნია, რომ ამით მედიის განვითარებაში წვლილის შეტანა შეგვიძლია" - აღნიშნა "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის" მედია ლაბორატორიის წევრმა, თეონა ზანგურაშვილმა.
გარდა ამისა, "ინტერნიუსი-საქართველოს" ინფორმაციით "ევროპულ კაფეებში", რომლებიც ბათუმში, ბორჯომში, ქუთაისში, გორსა და თელავში ჩატარდა, მონაწილეობა 250-მდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებს ჟურნალისტებთან, აქტივისტებთან და მწერლებთან შეხვედრისა და მათთვის საინტერესო თემებზე საუბრის საშუალება მიეცათ.
"ჩაქვის მედიაბანაკის მონაწილე 30 მოსწავლემ გაიღრმავა ცოდნა მედიის შესახებ და მედიაუნარები. ასაკოვანი მოქალაქეებისთვის საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (ბაღდადი, ზუგდიდი, გორი, ხარაგაული, რუსთავი, ჭოპორტი) 12 ტრენინგი ჩატარდა. გარდა ამისა, 67 მონაწილემ ინტერნეტის საბაზისო ცოდნა მიიღო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩაერთო,“ - განმარტავენ "ინტერიუსი-საქართველოში".
პროქტი განხორციელდა ინტერნიუსის (აშშ), ინტერნიუს უკრაინისა და დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ცენტრთან (მოლდოვა) პარტნიორობით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.
ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი