გამოყენებული საღეჭი რეზინისგან ფეხსაცმელი შექმნეს

გამოყენებული და გზაზე გადაგდებული საღეჭი რეზინი ბევრისთვის არასასიამოვნო პრობლემებს ქმნის, თუმცა პრობლემის გარდა, მისგან სარგებლის მიღებაც არის შესაძლებელი.

ასე მაგალითად, მარკეტინგულმა ორგანიზაცია Iamsterdam-მა, დიზაინერმა Explicit Wear-მა და კომპანია Gumdrop-მა შეიმუშავეს იდეა და საღეჭი რეზინისგან შექმნეს სპორტული ფეხსაცმელი. მას Gumshoe ჰქვია და შექმნილია კევის დასამზადებელი სპეციალური მასალისგან, რომლის წარმოებითაც არის დაკავებული კომპანია Gumdrop.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ კევი შედგება ისეთი სინთეტიკური მასალისგან, რომელმაც მოგვცა საშუალება მისი დამუშავების შემდეგ მიგვეღო რეზინის ახალი ტიპი“, - აცხადებს Gumdrop-ის მენეჯერი ანა ბულუსი.

პროექტის ავტორების ინფორმაციით, მხოლოდ ამსტერდამში მილიონამდე ტონა კევი იყრება ქალაქში ყოველწლიურად, რომლის დასუფთავება ქალაქს ასევე მილიონები უჯდება. რაც შეეხება ფეხსაცმელს, მის დასამზადებლად დაახლოებით 1 კილოგრამი საღეჭი რეზინია გამოყენებული.

Gumshoe-ს პროექტის შემქმნელების განცხადებით, ეს არის მსოფლიოში კევისგან დამზადებული პირველი ფეხსაცმლები და გარდა მისი კევის ძირისა, ის ტყავისგანაა შექმნილი. ისინი მყიდველს სურვილის შემთხვევაში ძირის გამოცვლასაც სთავაზობენ. პროექტის ავტორებს მათი გეგმის გაფართოვება სურთ და ამ გზით უნდათ დაანახონ ადამიანებს, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ დაღეჭილი სარეჭი რეზინი.

ამ დროისთვის ფეხსაცმელი სამ ფერში: კევისფერ ვარდისფერში, შავსა და წითელ ფერებშია ხელმისაწვდომი. მათი გაყიდვები ივნისში დაიწყება და დაახლოებით 190 ევრო ეღირება.

კოკა კვირკველია