"რეზონანსი": სავაჭრო ქსელები მომხმარებლებს ფულს სძალავენ

დედაქალაქის სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლებს თვალსა და ხელს შუა ატყუებენ. ხშირად კლიენტი იმაზე ძვირს იხდის, ვიდრე მას ჰგონია. მსგავსი ფაქტები ბოლო დროს უკვე ძალიან გახშირდა.

ცალკე პრობლემაა ვადაგასული და წუნდებული პროდუქცია. სუპერმარკეტები და სავაჭრო ქსელები მსგავსი მაქინაციებით საკმაოდ დიდ ფულს შოულობენ. მოხმარებლები მასობრივად გამოთქვამენ ამის გამო პროტესტს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი იცვლება.

ადამიანები პროდუქციის რაოდენობას მისი ფასის მიხედვით განსაზღვრავენ. დახლზე მითითებული და ე. წ. სალაროს ფასი ხშირად პრობლემას წარმოშობს. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მაღაზიის დახლზე მითითებული ფასი ყოველთვის ემთხვევა პროდუქტის რეალურ ღირებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს, დახლზე მითითებული თანხა გადაიხადოს ან უზუსტობის გამო მენეჯერს მიმართოს.

საქართველოში კი ყველაფერი პირიქითაა. სურსათს რომ თავი დავანებოთ, ბოლო პერიოდში გახშირდა ფასების გადაკეთების ფაქტები ტანსაცმლის მაღაზიებშიც. ხშირია შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს შედარებით დაბალფასიანი ჰგონია პროდუქცია მითითებული ეტიკეტის მიხედვით, მაგრამ სალაროსთან აღმოაჩენს, რომ რამდენიმე ათეული ლარით ზედმეტიც კი შეიძლება ღირდეს.

თამუნა ერგემლიძე ერთ-ერთი მათგანია რომელმაც 39 ლარის ღირებულების მაისური 49 ლარად შეიძინა:

"სუპერმარკეტებში მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირად მქონია, განსაკუთრებით "უნივერსამში". უკვე იქ შესვლა აღარ მინდა, რადგან ვიცი, უნდა ვიჩხუბო მენეჯერთან, თანაც უაზროდ და უშედეგოდ, ყველაფერს არასწორი ფასი აწერია თითქმის და ძალიან ბევრი ვადაგასული პროდუქცია აქვთ. წინა კვირას ვიყიდე პროდუქცია და სიროკსა და ქლიავის ჩირს ვადა ჰქონდა გასული, გემოთი მივხვდი.

ამას წინათ კი ტანსაცმლის მაღაზიაშიც იგივე დამემართა. ვიყიდე მაისურა და 10 ლარით მეტი ღირდა, ვიდრე ეწერა. ერთ რამეს ვყიდულობდი და შევამჩნიე, მაგრამ რამდენიმე რომ მეყიდა, შეიძლება ვერც შემემჩნია. ძალიან ცუდია და უპასუხისმგებლობაა კომპანიის მხრიდან მომხმარებლის მოტყუება. ამაზე ვინმემ უნდა იზრუნოს და გააკონტროლოს მსგავსი ფაქტები.

თუკი საჭირო რეგულაცია არ გატარდა და ხალხმაც ხმა არ ამოიღო, უფრო გახშირდება ასეთი შემთხვევები. ზოგი არც კი იმჩნევს, ბევრისგან მსმენია, რომ 50 თეთრის გამო ვერ ატეხს ჩხუბს. მომხმარებელი ვერ ხვდება, რამხელა ზიანს და შეურაცხყოფას აყენებს ამით სავაჭრო ქსელი თავის კლიენტებს. ევროპაში მსგავს ფაქტებზე საკმაოდ დიდი ჯარიმებია. იქ ხალხმა კანონიც კარგად იცის, ისიც იციან, ვის მიმართონ თავიანთი უფლებების დასაცავად. აქ კი ხალხი ინფორმირებულიც კი არ არის", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თამუნა ერგემლიძემ.

საზოგადოების უმეტესი ნაწილი პროტესტს ღიად გამოთქვამს, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ. უმეტესობამ იცის, ვის უნდა მიმართოს უფლებების დასაცავად და მათი ქმედების მაქსიმალური სიმკაცრე მხოლოდ მენეჯერთან გასაუბრებაში გამოიხატება, რომელიც საბოლოო სურათს მაინც არ ცვლის. შემაშფოთებელია იმ მოლარე-კონსულტანტების უტიფარი დამოკიდებულება, რომლებიც უსუსური მიზეზებით ცდილობენ, გაამართლონ მსგავსი ფაქტები.

სპეციალისტები საზოგადოებას ურჩევენ, რომ მეტად იყვნენ ინფორმირებულები თავიანთ უფლებებზე და მათი დარღვევის შემთხვევაში, საჭირო ორგანიზაციებს მიმართონ. ნებისმიერ სიტუაციაში მომხმარებელს აქვს უფლება, რომ გამყიდველს ნაკლული პროდუქციის შევსება მოსთხოვოს, რათა ზარალი აუნაზღაურდეს. იგი ვალდებულია, ცდომილება თავად გამოასწოროს ან გადახდილი თანხა დააბრუნოს.

მომხმარებელთა უფლებადამცველი ორგანიზაცია "ეტიკი" წარმომადგენელი ამირან შენგელია "რეზონანსთან" საუბრისას ხაზს უსვამს საზოგადოების არაფორმირებულობას და ამბობს, რომ ადამიანების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ როგორ დაიცვას თავისი უფლებები.

"მომხმარებლის უფლებებს კანონი არ იცავს. შესაბამისად, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები მაქსიმალურად ცდილობენ თანხის მითვისებას იმ გზებით, რა გზებითაც შეუძლიათ. ასეთ დროს საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს. თუნდაც სალაროსთან არ უნდა გადაიხადოს ფული და პრობლემის წინაშე დააყენოს როგორც მაღაზია, ასევე იქ მომუშავე პერსონალი.

ცოტა ხნის წინ მე თავად ჩავატარე მსგავსი ექსპერიმენტი. ვიყიდე ერთ-ერთ მაღაზიაში 100 ლარის ღირებულების პროდუქცია. სპეციალურად დავაკვირდი და ისე ავარჩიე, ვიცოდი, მეტს გადამახდევინებდნენ. ასეც მოხდა, ქვითრის "ამორტყმის" შემდეგ სალაროსთან განვაცხადე, რომ შესაბამისი თანხა არ მქონდა თან და ვერ ვიყიდდი, რის შემდეგაც მითხრეს, რომ პირადობა დამეტოვებინა და დარჩენილი თანხა შემდეგ დამემატებინა, რაზეც მე უარი ვთქვი. პროდუცია იქვე დავტოვე ისე, რომ ნაწილის თანხაც არ გადამიხდია.

როდესაც კანონი არ გიცავს, თავად უნდა დაიცვა შენი თავი. ასეთი შემთხვევები როდესაც მოხშირდება, მაღაზიის მეპატრონეები მიხვდებიან, რომ აღარ გამოსდით ადამიანების გასულელება და შეწყვეტენ მსგავს მაქინაციებს. ვერავინ დაგაძალებს ძალით რამის ყიდვას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანია უხეშად არღვევს მომხმარებლის უფლებებს", - აღნიშნა ამირან შენგელიამ "რეზონანსთან" საუბრისას.

თეო გუდავაძე

გაზეთი "რეზონანსი"