მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სახანძრო-უსაფრთხოების 2 167 ობიექტი შეამოწმა და მათგან 81-ს დარღვევისთვის ჯარიმა გამოუწერა.
როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2017 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 11 676 სახანძრო - ტენიკური შემოწმება ჩატარდა.
მათივე ცნობით, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისათვის შედგა 2017 წელს 160 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და დაწესდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სახდელი ჯამში 11 450 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით - 81 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და დაწესებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სახდელი ჯამში 9700 ლარის ოდენობით.
„ინტერპრესნიუსმა“ საჯარო ინფორმაციის გამცემი პირისგან ასევე მოითხოვა ინფორმაცია თუ რომელ ობიექტებს ჰქონდთ დარღვეული სახანძრო-უსაფრთხოების წესები, თუმცა სააგენტოში აცხადებენ, რომ “აღნიშნული სია, ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, გამოქვეყნდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ“.
ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად აგრეთვე ითვალისწინებს ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი გაგზავნილია საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად, რის შემდეგაც წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში.
წყარო: interpressnews.ge