ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორში მცხოვრები ქართველი ფერმერებისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორში მცხოვრები ქართველი ფერმერებისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.

მისივე თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვით, დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ქართველი ფერმერები, საქართველოს სხვა რეგიონებში გამოსაზამთრებლად გაყვანილ ცხვარს და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ახალგორის ტერიტორიაზე ვეღარ შეიყვანენ, რის შესახებაც ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა საზოგადოებას გუშინ აცნობა, ხოლო ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე პირუტყვის არაერთი დაავადებაა გავრცელებული და ამ დაავადებების გადატანის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს ამგვარი გადაწყვეტილება.

ნუგზარ თინიკაშვილი ამ მოტივს სრულიად აბსურდულს უწოდებს.

„აღნიშნული მიზეზის დასახელება სრულიად არარეალურია. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი და ინტენსიურად ტარდება პირუტყვის შესაბამისი აცრები. ოკუპირებული დაბის ტერიტორიაზე ფერმერთა დიდი უმრავლესობა ეთნიკურად ქართველი გახლავთ, ახალგორში რთულია ცხვრის და მსხვილფეხა საქონლის გამოზამთრება, შესაბამისად, ყველას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჰყავს პირუტყვი (კახეთში, კასპსა და გორის რაიონებში). ვფიქრობ, თუ დე ფაქტო ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ოკუპირებულ დაბასა თუ ცხინვალში მცხოვრები მოსახლეობა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ხორცპროდუქტების დეფიციტი შეიქმნება. ჩვენ ალტერნატიულ გზებს უკვე ვეძებთ, რომ ფერმერებს პრობლემები არ შეექმნათ და სხვა საძოვრები მოვნახოთ“, - განაცხადა თინიკაშვილმა.

ამ დროისთვის, ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე მესაქონლეობას 25-მდე ადგილობრივი ქართველი ფერმერი ეწევა. მთლიანობაში კი, ახალგორიდან გამოსაზამთრებლად, დაახლოებით, 1000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და 8000-მდე ცხვარია გამოყვანილი.

ლიკა ამირაშვილი