ბათუმის ახალ ბულვარში Batumi View-ს კომპლექსი, რომელსაც შპს „რეკან გრუპ ჯორჯია“ ახორციელებს, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
საქმე ის არის, რომ სულ ცოტა ხნის წინ საკმაოდ მასშტაბური პროექტის დაწყებას, ადგილობრივების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა მშენებლობის ამსახველი ფოტოები. მოსახლეობა აპროტესტებდა იმას, რომ კომპლექსი უშუალოდ ბულვარში მდებარე ველობილიკის ხაზთან შენდება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მშენებლობა კანონის დაცვით, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
„მოსახლეობას ჩვენთან პროტესტით არ მოუმართავს. იყო გარკვეული პრეტენზიები, თუმცა შემდეგ ქალაქის მერიამ განმარტებები გააკეთა და დაადასტურა, რომ უკანონობას ადგილი არ აქვს. მშენებლობის ნებართვა გასცა მერიამ. შესაბამისად, დარღვევას რომ ჰქონოდა ადგილი, ისინი ნებართვას არ გასცემდნენ“, - განმარტავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
რაც შეეხება თავად კომპანიას, „რეკან გრუპ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, შესაბამისი ნებართვების საფუძველზე.
„კომპლექსი სამ მაღალსართულიან შენობას მოიცავს. ამჟამად შენობების ხუთ-ხუთი სართულია ამოყვანილი. ორი მათგანი 12-სართულიანი იქნება, ერთი კი 13-სართულიანი. კომპლექსში სასტუმრო, აპარტამენტები, სავაჭო და გასართობი ცენტრები განთავსდება. ამ ეტაპზე დასრულების ვადების თქმა არ შეგვიძლია, რადგან ჯერჯერობით სამუშაოების ნახევარია შესრულებული“, - აღნიშნავენ კომპანიაში.
რაც შეეხება ბრენდს, რომელიც კომპლექსის და მასში განთავსებული სასტუმროს მართვაში შევა, „რეკან გრუპ ჯორჯიაში“ ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჯერჯერობით არ აქვთ.
„ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გადაწყდება მას შემდეგ, რაც შევარჩევთ ბრენდს, რომელიც კომპლექსის მმართველობაში შემოვა. ასევე, ამის შემდეგ გადაწყდება კომპლექსი 4-ვარსკვლავიანი იქნება, თუ 5-ვარსკვლავიანი. პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და თუ მომავალშიც შევა, შესაბამისად, დასრულების ვადაც გადაიწევს“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში.
აჭარის მთავრობასთან 2015 წელს დადებული შეთანხმებით, შპს „რეკან გრუპ ჯორჯია“ ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. შეთანხმების თანახმად, კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის დასრულება და ექსპლუატაციაში შეყვანა, შენობა-ნაგებობის არანაკლებ 7700 კვ.მ ფართობში სასტუმრო კომპლექსის განთავსება, არანაკლებ 39 000 კვ.მ. ფართობში აპარტამენტების განთავსება, არანაკლებ 5000 კვ.მ-ში კომერციული ფართობის განთავსება და არანაკლებ 13400 კვ.მ-ზე 400 ავტომანქანაზე გათვლილი, დახურული ტიპის ავტოპარკინგის მოწყობა უნდა დაასრულოს.
კომპლექსს სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აშენებს. სავარაუდო დასრულების თარიღი კი 2019-20 წლებია. პროექტის სავარაუდო ღირებულება კი 50 მილიონი დოლარია.
თეონა კენჭიაშვილი