დიმიტრი ხუნდაძე - „მორატორიუმის გამო, მცხეთის მოსახლეობის უკმაყოფილება პიკს აღწევს“

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ქალაქ მცხეთაში გამოცხადებული მორატორიუმის ნეგატიურ მხარეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქალაქ მცხეთის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს ფაქტი სერიოზულ პრობლემად იქცა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, სხვა შემთხვევაში დღეს უკვე მოსახლეობის უკმაყოფილება პიკს აღწევს.

„ქალაქი მცხეთა იუნესკოს მიერ დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული და შესაბამისი წესები მოქმედებს. ბუნებრივია, ჩვენთვის ღირებული და უპირველესია რელიგიური სიწმინდეები, საქართველოს უძველესი დედაქალაქის ისტორია, მაგრამ ამ ქალაქში მოსახლეობა ცხოვრობს და მათ არ უნდა მოვუსპოთ განვითარების უფლება.

მორატორიუმი, რომელიც ქალაქ მცხეთაში უკვე სამი წელია მოქმედებს, სავარაუდოდ 2 წლით კიდევ გაგრძელდება. აქამდეც შესაძლებელი იყო მცხეთის გენგეგმის შემუშავება, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს დღემდე ვერ ხერხდება. საბოლოოდ, ამის გამო ზარალდება ყველა და ყველაფერი. თითოეულ მცხეთელს უყვარს თავისი ქალაქი, მაგრამ ამასთანავე ყველას სურს გააგრძელოს არსებობა და ღირსეული ცხოვრება.

მცხეთაში გამოცხადებულმა მორატორიუმმა შეაჩერა ყველა მშენებლობა, მათ შორის, ნებადართული მშენებლობებიც. ზოგჯერ შეუძლებელია ელემენტარული კომუნიკაციების მოწყობაც კი. შეჩერდა ტურიზმის განვითარებაც, რადგან მოსახლეობა ვეღარ ახერხებს სასტუმრო სახლების და კვების ობიექტების გაკეთებას. ეჭქვეშ დგას საკუთრების უფლება, რაც კონსტიტუციით დაცულია. ამ პირობებში შეუძლებელია გარე ვაჭრობის რეგულირება. წლების მანძილზე ქალაქში გამოცხადებულმა მორატორიუმმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას, რის გამოც დღითიდღე იზრდება ხალხის უკმაყოფილება. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა სწორედ ის, რომ მცხეთამ იუნესკოს ჩამონათვალში საკუთარი ადგილი დაიბრუნა, მაგრამ ამასთანავე, აუცილებელია ხალხს მივცეთ პერსპექტიული ცხოვრების საშუალება.

მცხეთას სჭირდება ქალაქის გენერალური განვითარებისა და მიწათსარგებლობის გეგმა, რომელიც დაადგენს წესებს, მაგრამ მის შემუშავებას არ უნდა სჭირდებოდეს წლები. საჭიროა დავიცვათ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა და ამავე დროს დავიცვათ მოქალაქეთა ინტერესებიც“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის კომენტარს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ამასთან, „ბიზნესპრესნიუსი“ მცხეთის განვითარების გეგმის შესახებ რამდენიმე დღის წინ წერდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პროექტი მასშტაბურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა. ფაქტი უწყებაში დაგვიდასტურეს, მათი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სპეციალური სამთავრობო კომისია შეიქმნება, რომელიც გეგმაზე მომუშავე ახალ კომპანიას შეარჩევს.

მათივე ინფორმარიით, საპროექტო კომპანია „სალი-2011“, რომლის პროექტიც უკვე დაწუნებულია, ახალ დოკუმენტზე არ იმუშავებს.

მცხეთის განვითარების ახალ გეგმაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. მუშაობის დასრულებამდე, 2015 წლის აგვისტოში, მთავრობამ იუნესკოს რეკომენდაციით, მცხეთაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისებასა და იქ მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა. იუნესკომ მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან 2016 წელს ამოიღო.

გეგმაზე მუშაობა თავდაპირველად მცხეთის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ დაიწყო. პროექტის შესადგენად გამოვლინდა საპროექტო კომპანია შპს „სალი- 2011“, რომელსაც მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 160 000 ათასი ლარი გადაუხადა. კომპანიაში შემავალ არქიტექტორთა ჯგუფს ქალაქის განვითარების დოკუმენტი უნდა მოემზადებინა. თუმცა 2017 წელს უკვე გამზადებული დოკუმენტი ადგილობრივმა საკრებულომაც და იუნესკომაც დაიწუნეს. როგორც მაშინ ითქვა, მიზეზი ის იყო, რომ აღნიშნული დოკუმენტი ქალაქის იერსახეს სრულიად ცვლის, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს. ასევე, პროექტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

ამასთან, იმის გამო, რომ მცხეთის გენერალური გეგმა ვერ დამტკიცდა, 2017 წელს მთავრობამ მცხეთაში მიწების გასხვისებასა და მშენებლობებზე მორატორიუმი 2 წლით გაახანგრძლივა.

ამავე  თემაზე: