ტანსაცმლის, აქსესუარებისა და პარფიუმერიის ბრიტანული ბრენდის, ბარბერის, წარმომადგენლობა საქართველოში ეხმაურება პრესისა დამასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ქალაქ თბილისში მშენებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში იგეგმება ბარბერის ბრენდული მაღაზიის გახსნა.
"ბიზნესპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ბარბერი საქართველო (შპს ლიდერ სისტემი) ბრიტანული კომპანია Burberry Limited-ისგან ფლობს საქართველოს ტერიტორიაზე ბარბერის ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლობის უფლებას, რაც გულისხმობს არამხოლოდ ბარბერის ბრენდული მაღაზიების ფლობისა და ოპერირების, არამედ, კომპანია ბარბერის სახელის, ლოგოტიპისა და სხვა სავაჭრო ნიშნების გამოყენების უფლებას.
დღეის მდგომარეობით, ბარბერი საქართველო ქალაქ თბილისში ფლობს ერთ მაღაზიას, რომელიც მდებარეობს თავისუფლების მოედანზე N2-ში (თბილისის მერიის ყოფილი შენობა) და ახალი მაღაზიის გახსნა, საქართველოს ტერიტორიაზე, უახლოეს მომავალში არ იგეგმება, მათ შორის, არც სხვა მესამე პირებისთვის აღნიშნული უფლების გადაცემის გზით. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ბარბერის ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით არათუ არ შეესაბამება სიმართლეს, არამედ წარმოადგენს ბარბერის სახელის უნებართვო გამოყენების ფაქტს, რასაც, განმეორების შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან დაუყოვნებლივ მოყვება ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება.
ბარბერი საქართველო აგრძელებს თავისი მომხმარებლებისთვის მაღალი კლასის ბრიტანული პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებას", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.